საზოგადოება
„ENERGO-PRO GEORGIA“ საჯარიმო ტარიფს ზრდის

fosta-energoთბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ატყობინებს, ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ დახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქე ჯარიმდება 2 ლარით (ადრე შეადგენდა 0,50 ლარს).

პარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება სოციალურად დაუცველ ფენაზე. „მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით ებრძვის რუსეთს, ხოლო რეალურად რუსულ კომპანიას აძლევს საშუალებას, გაძარცვოს საქართველოს მოქალაქეები. რეგიონებში ასეთი წესით ამოღებული თანხები მთლიანად ირიცხება თბილისში „ENERGO-PRO“-ს სათავო ოფისში“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნული ჯარიმის თანხის ოდენობის გაზრდას და  მიმართავს სემეკის თავმჯდომარეს, რათა მიიღოს განმარტებები, თუ რატომ გაიზარდა საჯარიმო განაკვეთი და რას ხმარდება საჯარიმო სანქციებიდან ამოღებული თანხები.