თბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. როგორც კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის 12 მარტიდან გურიაში დაიწყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მასობრივი დაბარება და დაკითხვა, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეგიდით ადგილობრივი თვითმმართველობების შენობებში ეწყობა. უწყება, რომლითაც მოქალაქეები ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, არ არის დამოწმებული ოფიციალური ბეჭდით, არ შეიცავს თარიღს, რეგისტრაციის ნომერს, გამოცხადების ზუსტ მისამართს, დაბარების მოტივაციას.
როგორც კოალიციის პრესრელიზშია გადმოცემული, ამ ორი დღის განმავლობაში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ადმინისტრაციული შენობები პოლიციელებით, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებითაა გარშემორტყმული. ჟურნალისტებს და, რაც მთავარია, უწყებით გამოძახებული მოქალაქეების ადვოკატებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის უფლება.დაკითხულ მოქალაქეთა საუბრებიდან ირკვევა, რომ დაკითხვას, კონტროლის პალატის წარმომადგენელთა გარდა, ესწრებიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. თითოეული ადამიანის დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ დაბარებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები არ არიან; უწყება მიუვიდა გაზეთ `გურია ნიუსის~ გამომცემლის, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის, სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას~ ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის, კოალიცია `არჩევნის თავისუფლებისთვის~ წარმომადგენლის, ია მამალაძის ძმას – ზაალ მამალაძეს, რომელიც არ არის არცერთი პარტიის წევრი, არაა ჩართული არავითარ პოლიტიკურ პროცესებში; მისი საზოგადოებრივი აქტიურობა უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და თვითმმართველობის~ საბჭოს წევრობას; ასევე, გაზეთ `გურია ნიუსში~ სამეურნეო საქმეებში დახმარებას და ერთ-ერთ პროექტში, არანორმირებული სამუშაო გრაფიკის პირობებში, რედაქციის თანამშრომლების ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
გამომდინარე ფაქტებიდან, კოალიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს `გურია ნიუსის~ გამომცემელზე და კამპანია „ეს შენ გეხებას~ აქტიურ მიმდინარეობაზე.
„მიგვაჩნია, რომ ამგვარი მასობრივი უკანონო ქმედება საფუძველშივე გამორიცხავს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების შესაძლებლობას და მიმართულია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონიერ საფუძვლებს მოკლებული ქმედება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს სთხოვს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებები და უსაფრთხოება.