თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუ “ 822 040 ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე.
ეს უკვე ფინანსური სანქციების გამოყენების მეორე შემთხვევაა, რაც ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 422 040 ლარის გადახდას გულისხმობს. თებერვლის ბოლოს ივანიშვილთან დაკავშირებული პირები შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ. თუმცა წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, ამჯერად შემოწირულობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.კონტროლის პალატამ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კორუფციული სქემის მიხედვით, „ქართუმ“ თავის ორ თანამშრომელს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია – 82 204 ლარი ამ თანხის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. შესაბამისი კომენტარები ბანკის ორივე თანამშრომელმა გასულ კვირას ნაციონალური ტელევიზიებისთვის გააკეთა, სადაც მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ არ აპირებდნენ თანხების „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხვას.
კონტროლის პალატამ, ასევე, განაცხადა, რომ ბანკი „ქართუს “ თანამშრომელმა ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო 44 400 ლარი, ხოლო ხუხუნეიშვილმა – 37 804 ლარი, თუმცა შემდგომ მათ უარი განაცხადეს უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე.
„ქართუს“ ხელმძღვანელობის თქმით, ეს ადამიანები პროვოცირებული იყვნენ და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლეს.
იმავე დროს, 12 მარტს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კონტროლის პალატა მათი სამოქალაქო აქტივისტების ტერორსა და დაშინებაში დაადანაშაულეს.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა კოალიციიდან თინა ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ აქტივისტებს, რომელთაც, მისი მტკიცებით, არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვთ კოალიციასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კონტროლის პალატაში დაკითხვის მიზნით იბარებდნენ როგორც ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს. ხიდაშელის თქმით, საუბარია პირებზე, რომლებიც ნებაყოფლობით საფუძველზე არიგებდნენ „ქართული ოცნების“ გაზეთებს ან აგროვებდნენ ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს.
მან მოუწოდა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ ნათია მოგელაძეს, თავი დაანებოს ასეთ ხალხს, ხოლო დაკითხვის შემთხვევაში, ამ პროცესის ვიდეო-აუდიოჩაწერა განახორციელოს.
„ჩვენ რეალურად სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ყოველდღიურად ნათია მოგელაძე ჩადის ამ ადამიანების წინააღმდეგ დაკითხვების დროს, პირადად ახდენს ტერორიზებას ამ ადამიანების, პირადად ემუქრება ამ ადამიანებს, მათ შორის, დაპატიმრებით“, – განაცხადა ხიდაშელმა და პროკურატურას მისი ამ განცხადების საფუძველზე მოგელაძის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდა.
გუშინვე ხიდაშელმა 10 ათასი ლარი, ხოლო კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 12 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა გადარიცხეს მათი პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტის სასარგებლოდ. მათი თქმით, ამ საჯარო აქციის შემდეგ ისინი დასაკითხავად კონტროლის პალატის მიწვევას ელიან.