პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო

misha-delegacia2თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერი, ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. შეხვედრისას განიხილეს კონკრეტული მიმართულებები და დარგები. მხარეებმა საქართველოსთვის და, ზოგადად, რეგიონისთვის ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, აღინიშნა, რომ ლაბორატორია უკვე შექმნილია და უახლოეს მომავალში პირველი კვლევებიც დაიწყება.

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფარგლებში ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო მკვლევარები იმუშავებენ. როგორც საუბრისას ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, ეს ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბიოლოგიური კვლევისა და სურსათის უვნებლობის მხრივ.