თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისმა უარყო მოსკოვის ათი დღის წინანდელი შეთავაზებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.
თბილისმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შემდეგ და აღნიშნა, რომ მოსკოვის ეს ინიციატივა შოუს ელემენტებს შეიცავდა.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ ქართულმა მხარემ კვლავაც წარმოადგინა წინაპირობები, კერძოდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური აღიარების გაუქმება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარია ზახაროვამ.„ამდენად, თბილისში არ აპირებენ, გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე, რომელიც 2008 წლის სექტემბერში მიიღეს. 2012 წლის 2 მარტს წამოყენებული რუსული ინიციატივა, რომელსაც შეეძლო რეალურად დახმარებოდა ურთიერთობების ნორმალიზებას, უარყოფილ იქნა. ეს იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა არავის გაკვირვებია“, – აღნიშნა მან.
რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2 მარტს, ასევე, გამოთქვა ანალოგიურის გაკეთების მზადყოფნა და სანაცვლოდ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. თუმცა ამგვარი „პოლიტიზებული წინადადებების“ საფუძველზე, თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის მზაობა და მოუწოდა მასაც, ცალმხრივად მიეღო სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ.
„პასუხი გაიცა იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს შეუძლია მიბაძოს საქართველოს მაგალითს და გააუქმოს ვიზები ცალმხრივად. ეს პასუხი არ შეიძლება ადეკვატურად ჩაითვალოს შემდეგი მიზეზით: საქართველომ ცალმხრივად უვიზო რეჟიმი დაუწესა მსოფლიოს თითქმის ას ქვეყანას. ასეთია პატარა ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომლებიც მიისწრაფვიან, ტურისტები მოიზიდონ. თუმცა იმ შემთხვევებში, როცა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები თანხმდებიან, რომ მათ ანალოგიურით უპასუხონ, ეს ფორმალური ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე კეთდება. ზუსტად ასეთ ცივილიზებულ გზას ვთავაზობდით ქართულ მხარეს. სამწუხაროდ, აღნიშნული წინადადება უარყოფილია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„მთლიანობაში, ქართული მხარის რეაქციამ ჩვენს წინადადებებზე დაადასტურა, რომ თბილისიდან პერიოდულად გაჟღერებული განცხადებები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე დაინტერესებაში – მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკია, რომელიც მოწოდებულია, შექმნას კონტრუქციულობისა და მშვიდობისმოყვარეობის ხილვადობა. ამის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება“, – ნათქვამია განცხადებაში.