მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია, არასამთავრობო ორგანიზაციები მას უკვე უწოდებენ, მართალია – მცირე, მაგრამ მაინც წინგადადგმულ ნაბიჯს. ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტის გატანა საქართველოს ხელისუფლებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ზეწოლის შედეგია. ტყუილად როდი გამოვიდნენ მის ინიციატორებად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სტეპანიანის აზრით, საქართველოსთვის ეს მტკივნეული თემაა. და თუკი ყოფაცხოვრებაში ქსენოფობიის დონე მრავალი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, საჯარო პოლიტიკაში ის გამუდმებით იზრდება. სტეპანიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა დიდი ხნის წინ გადააბიჯეს დასაშვებ ზღვარს. ქსენოფობიას არც მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ერიდებიან და ამან, სტეპანიანის აზრით, შესაძლოა, ახალი კანონის მიღებას ხელი შეუშალოს.
„გულწრფელად გეტყვით: არ მჯერა, რომ ეს კანონი გავა. სავსებით შესაძლებელია, რომ მან ბობოქარი კამათი გამოიწვიოს. მაგრამ რომც გავიდეს, კარგად არ მესმის, როგორ იმუშავებს. ჩვენი პროგნოზით, სიძულვილის ნიადაგზე ბევრი პროვოკაცია იქნება და არა მგონია, რომ მან [ხელისუფლებამ] ამ მუხლით 100-150 ადამიანის ციხეში ჩასმა შეძლოს, თანაც – ცნობილი სახეების“.
„თუმცა მუხლი ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისთვის საქართველოს კანონმდებლობაში ყოველთვის იყო. მაგრამ ვერც მე, ვერც არნოლდ სტეპანიანმა ამ მუხლით წარმოებული ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ გავიხსენეთ. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ არც გასულ ზაფხულს, როდესაც რელიგიური ორგანიზაციების თანაბარი უფლებების შესახებ ახალმა კანონმა ქართველ საზოგადოებაში მასობრივი ისტერია გამოიწვია. სწორედ მაშინ ბევრი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე არ ერიდებოდა განცხადებებს, რომელთა გამო ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში დიდი ხნით დაემშვიდობებოდა თავისუფლებას. სწორედ მაშინ იყო აუცილებელი მკაცრი შემზღუდავი ზომების მიღება“, – მიიჩნევს კიდევ ერთი არასამთავრობო აქტივისტი, „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.
„იმ მომენტში ეს კანონმდებლობით რომ ყოფილიყო დარეგულირებული, ამგვარი ხისტი გამოთქმებისგან ბევრი თავს შეიკავებდა. ფაქტობრივად, იყო მოწოდებები ამა თუ იმ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის დევნისაკენ“. მაგრამ, ზაურ ხალილოვის თქმით, მხოლოდ კანონები სიტუაციას ვერ გამოასწორებს. პროცესში სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს, პირველ რიგში – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
არადა, არასამთავრობო აქტივისტთა აზრით, ქართულ მასმედიაში ნამდვილი ბაკქანალიაა გამეფებული. ადგილობრივი ჟურნალისტები უგულებელყოფენ არა მარტო სისხლის სამართლის კოდექსს, არამედ ეთიკის ელემენტარულ ნორმებსაც კი.
თემურ კიღურაძე
„ეხო კავკაზას“ მასალების მიხედვით