თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთში ორ კვირაში გაიმართება პარლამენტის არჩევნების მეორე ტური. რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების 10 მარტს ჩატარებული პირველი ტურის შედეგად 35-ადგილიან პარლამენტშიგაირკვა სულ 13 დეპუტატის ვინაობა. შაბათს კენჭისყრაში მონაწილეობდა ელექტორატის 40 პროცენტი.
აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 მარტს რეგიონში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 29,25 პროცენტმა მისცა ხმა 174 საარჩევნო უბანზე.
„ცესკოს თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუას განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (149 622 ადამიანი), სულ მცირე, 25 პროცენტი მაინც უნდა გამოცხადდეს არჩევნებზე, რათა ის ჩატარებულად ჩაითვალოს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“.35-წევრიან პარლამენტს ხუთი წლის ვადით მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე ირჩევენ. ერთმანდატიან ოლქებში სულ დეპუტატობის 148 კანდიდატი იყრიდა კენჭს.
არჩეულად ჩაითვლა ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო.
საუბნო საარჩევნო კომისიებში 1500 ადამიანი მუშაობდა.
კანდიდატები დაასახელეს როგორც საინიციატივი ჯგუფებმა, ისე პარტიებმა – „ედინაია აბხაზია“, „კომუნისტური პარტია“ და „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“.
ტაბაღუას ცნობით, არჩევნებს რუსეთიდან, დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკებიდან, ასევე, ლატვიიდან, ვენესუელადან, ნიკარაგუადან და ტუვალუდან ჩასული დამკვირვებლები დააკვირდებიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გახსნილიი იყო საინფორმაციო ცენტრი „საპარლამენტო არჩევნები – 2012“, რომელსაც „აფსნიპრესის“ დირექტორი მანანა გურგულია ხელმძღვანელობს.
არჩეული დეპუტატების რიცხვში უკვე შევიდა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა. ერთი დეპუტატი მმართველი პარტიიდანაა, დანარჩენი 11 კი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა არჩევნებში. ოლქში, რომელშიც კენჭს იყრიდა პარლამენტის მოქმედი სპიკერი ნუგზარ აშუბა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. აშუბას ოპონენტია სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგი დაურ გურგულია.