თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. „რუსეთის ხელმძღვანელობას შეუძლია, რაც უნდა, ის თქვას, მაგრამ ნატოში გაწევრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მისი წევრი ქვეყნები იღებენ და საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ალიანსს, იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება თქვას რომელიმე მესამე მხარემ“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ.
„ნატომ მიიღო გადაწყვეტილება ბუქარესტში [2008 წელს], რომ საქართველო გახდება მისი წევრი, თუ მას კვლავ სურს ეს და, რა თქმა უნდა, როდესაც სტანდარტებს დააკმაყოფილებს, – განაცხადა მან ჟურნალ „ტაბულასთან “ ინტერვიუში. – მას კვლავ სურს [ნატოში გაწევრება] და ამ საკითხისადმი საქართველოში არსებულ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამო მიმაჩნია, რომ ეს ასეც დარჩება. ამასთან, საქართველო მუშაობს, რომ [ნატოს] სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენ შეხედულება არ შეგვიცვლია. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმ ნაბიჯისკენ, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას შეუწყობს ხელს და, თავის მხრივ, საქართველოც დგამს ამ ნაბიჯებს და, როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ ერთად ვუახლოვდებით ერთმანეთს“.„სწორედ ახლა შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი, რათა, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გავაფართოოთ საქართველოს კავშირი ნატოსთან. ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის, 2008 წლის შემდეგაც, საქართველომ გადადგა ნაბიჯები ნატოსთან კავშირების, ურთიერთობების დაახლოებისკენ. ჩვენ ამას მივაქცევთ ყურადღებას ახლა, როდესაც [საქართველოს] მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში [გიგა ბოკერია] აქ არის და როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოვა რამდენიმე კვირაში, რათა კვლავ შეხვდეს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს“, – განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, რუსეთსა და ნატოს შორის უკეთესი ურთიერთობა უკეთეს პოლიტიკურ კლიმატს შექმნის, მათ შორის, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვისაც.
აპატურაიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ და რა ფორმით მოხდება ნატოში გაწევრების სურვილის მქონე ქვეყნების მოხსენიება მაისის ბოლოს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტის დროს. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს არ იქნება გაფართოების სამიტი და რომ ამ სამიტზე წევრობის შესახებ მოსაწვევი არავის გაეგზავნება.
საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ აპატურაიმ განაცხადა, რომ „ISAF“-ში თავისი წვლილის შეტანით საქართველო ამტკიცებს, რომ მას შესწევს უნარი – იყოს არა პრობლემა, არამედ პრობლემის მოგვარების ნაწილი.
მისი თქმით, საქართველოს ავღანეთში ყოფნა პრეზიდენტ სააკაშვილის ახირება არ არის. ის არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისიის ნაწილი.
„საქართველოს წვლილი მნიშვნელოვანი და ძალიან ღირებულია. ამ წვლილით, რომელიც მნიშვნელოვანია რაოდენობრივად და შეზღუდვების გარეშე ხორციელდება, საქართველომ აჩვენა და აჩვენებს, რომ მას საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილი შეაქვს“, – განაცხადა მან.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს, რომ ის არ არის მხოლოდ პრობლემა, არამედ ის არის [პრობლემის] მოგვარების ნაწილი და [ავღანეთში ყოფნით] საქართველო სწორედ ამას აკეთებს... ამრიგად, ვფიქრობ, რომ [„ISAF“-ში ყოფნით საქართველო] ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს აკეთებს და შემიძლია, დავარწმუნო საქართველო, რომ მისი ეს გზავნილი ნატოს დედაქალაქში მიღებულია“, – განაცხადა აპატურაიმ.