პოლიტიკა
აფხაზეთში საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებიან

nabludateliთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას მონიტორინგს 40-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკუთარ წარმომადგენლებს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ნიკარაგუა, ვენესუელა და ტუვალუ გაგზავნიან.

აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებს „წარმომადგენლობის არმქონე ერების და ხალხების ორგანიზაციაც“ დააკვირდება. ეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ოკუპირებულ ან სადავო ტერიტორიებზე მცხოვრები ერების დაცვაა.

ტუვალუს დელეგაციას, რომელიც აფხაზეთში უკვე ჩავიდა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილი ტელავი ხელმძღვანელობს. ვენესუელას დელეგაციას ნაციონალური ასამბლეის დეპუტატი და აფხაზეთისა და ვენესუელას საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი ორანხელ ლოპეს როდრიგესი უხელმძღვანელებს, ნიკარაგუას დელეგაციას კი უმაღლესი საამომრჩევლო საბჭოს მოსამართლე და მაგისტრი ხოსე ლუის ვიიავისენსიუ უხელმძღვანელებს.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით,  აფხაზეთში არჩევნებზე დამკვირვებლებს ელოდებიან რუსეთიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ლატვიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდანაც.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 10 მარტს გაიმართება.