ვლადიმერ პუტინი: ,,არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება!“
თბილისი, 9 მარტი,
საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“
საქინფორმს ატყობინებს, მიმდინარე წლის 7 მარტს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „საქართველოსთვის“, თავმჯდომარეს, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – მთავარ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუას შორის.
ვლადიმერ პუტინმა მინდია გულუასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოსთან პრობლემები მისი დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია. „ხელისუფლება ოსებთან და აფხაზებთან სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, დღეს სხვა სურათი იქნებოდა. ქართველ ხალხთან რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს და აუცილებლად მოიძებნება არსებული სიტუაციიდან გამოსავალი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.