კრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნებასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში ცდილობენ გარკვევას, თუ როგორი იქნება რუსეთის საშინაო და, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკა მაშინ, როდესაც რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, გამოავლინა იმის ნიშნები, რომ უბრუნდება დამოუკიდებელი კურსის გატარებას საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხებთან მიმართებაში. ამ ვარაუდის საფუძველს სირიის პრობლემასთან დაკავშირებით გამოხატული მტკიცე პოზიცია იძლევა. ბევრს აშინებს რუსეთის მიერ ძველი გავლენისა და ძალის დაბრუნება, ხოლო პუტინი სწორედ ასეთი შესაძლებლობის რეალიზაციასთან ასოცირდება. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოშიც ხალხს ძალზე აინტერესებს, რა მოხდება რუსეთში და როგორი იქნება „ახალი“ პუტინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
ევრაზიის ინსტიტუტმა ჩამოაყალიბა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომლებიც გაფანტული სახით საზოგადოებაში ისმება, მათ შორის გათვალისწინებულია ჩვენი თანამშრომლებისთვის კერძო საუბრებში დასმული შეკითხვები. ჩვენ შევეცადეთ, წინასწარი პასუხები გაგვეცა ამ შეკითხვებზე და ბუნებრივია, რომ ამ და სხვა შეკითხვების ანალიზს დროდადრო მივუბრუნდებით ხოლმე, რადგან მათ აქვთ გრძელვადიანი ხასიათი და ერთ ჯერზე ვერ იქნებიან ამოწურულნი.1. სააკაშვილის მხრიდან სავიზო რეჟიმის ამასწინანდელი გაუქმება ნიშნავს თუ არა იმას, რომ იგი ცდილობს რუსეთთან შერიგებას? როგორი იქნება ამაზე პუტინის რუსეთის პასუხი?
– სააკაშვილი გრძნობს და ასევე იცნობს გამოკითხვების შედეგებს, თუ ხალხს როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი. საქართველოში უკვე დაახლოებით 25 წელია, რაც სხვადასხვა ლიდერები უცხოური ჩარევით საქართველოში რუსეთის მტრის ხატს ამკვიდრებენ, მაგრამ ამ მტრის ხატმა ვერანაირად ვერ მოიკიდა ფეხი საზოგადოებრივ ცნობიერებაში. მართალია, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული შიშები და არასწორი წარმოდგენები რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთის შესახებ ინფორმაციების ნაკლებობა აშკარაა, ხალხი ძირითადი მასმედიისგან ვერ იღებს ობიექტურ ინფორმაციებს, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთი არ არის საქართველოს თავგადაკლული მტერი, არამედ ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, ხოლო ამჟამინდელ კონფრონტაციას ხელოვნური ხასიათი აქვს და იგი საქართველოს ხელისუფლების შეცდომებისა და პროვოკაციული ქმედებების შედეგია. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ბოლოს და ბოლოს გაიგო დასავლეთის პოლიტიკის რეალური არსი, რომელიც „დახმარების“ ნიღბის ქვეშ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში – თანაც, არა ხალხის მხარეს. თვალთმაქცი დასავლეთის ფონზე რუსეთი გონივრულ ალტერნატივად გამოჩნდა. ქართული ეკონომიკის განვითარება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივა, განსხვავებით 1990-იანი და 2000-იანი წლებისაგან, საზოგადოებრივ ცნობიერებაში აღარ უკავშირდება დასავლეთს, ახლა ყველაფერი ეს უკავშირდება სწორედ რუსეთს. ამიტომაც, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში სააკაშვილი და კომპანია ცდილობენ შექმნან იმის ილუზია, რომ მათ ძალუძთ რუსეთის ერთგვარი გამოყენება საქართველოს ინტერესების (განსაკუთრებით, ეკონომიკურის) სასარგებლოდ.
ბუნებრივია, პუტინი არ შეურიგდება სააკაშვილს, პირადად ამ უკანასკნელისთვის ყველა უკან დასახევი გზა მოჭრილია. მისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. ამიტომ სააკაშვილი ერთის მხრივ შეინარჩუნებს ანტირუსული მიმართულების მკვეთრ რიტორიკას (ამის გარეშე იგი საერთოდ კარგავს ლეგიტიმურობას, მას ხომ ჰკითხავენ, რატომღა ეომებოდა რუსებს), ხოლო მეორეს მხრივ შეეცდება, შეარბილოს სიტუაცია სავიზო რეჟიმის ცალმხრივი გაუქმების ტიპის გადაწყვეტილებებით, რათა ქართველი ამომრჩევლები დააჯეროს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა მისი ბრალი არ არის. ეს სააკაშვილის მინიმალური ამოცანაა.
2. როგორი იქნება პუტინის პოზიცია ტერიტორიულ საკითხში?
– სამწუხაროდ, ძალზე სწრაფი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უფრო, რომ სულ ცოტა, ოქტომბრის ბოლომდე, ამჟამინდელი რეჟიმი საქართველოში შენარჩუნდება, ხოლო მის პირობებში რუსეთთან დიალოგი დანამდვილებით არ იქნება. მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ რუსეთი უკვე აიძულეს, გადაედგა ფატალური ნაბიჯი და ეღიარებინა ქართული ტერიტორიული ერთეულების „დამოუკიდებლობა“. ასეთი საბედისწერო გადაწყვეტილებებისგან უკან დასახევი პირდაპირი გზა არ არსებობს, ეს გამორიცხულია. ახლა მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს აჩქარებას და რუსეთთან დიალოგში ტერიტორიული საკითხის ფორსირებას, თუკი თბილისში რეჟიმი შეიცვლება და ხელისუფლებაში უფრო ადეკვატური ელემენტები მოვლენ. რუსეთი ამგვარი მკვეთრი გადახრისათვის ჯერ არ არის მზად. თუკი ჩვენ ამის გამო რუსეთს არ დაველაპარაკებით, მაინც არაფერი გამოგვივა. ამიტომ ჯერ საჭიროა, დავიწყოთ ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ასევე გავაღრმავოთ სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა. საქართველომ საქმით უნა აჩვენოს, რამდენად ღირებულია მასთან პარტნიორობა და თან დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, იყოს საიმედო პარტნიორი. ყოველგვარი საუბარი ნატოში შესვლაზე და მსგავსი უნდა შეწყდეს – ეს, როგორც მინიმუმი, დასაწყისისთვის.
ტერიტორიული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია შემდგომ ეტაპზე, ორმხრივ ურთიერთობებში სხვა პრობლემების სრულმასშტაბიანი დარეგულირების შემდეგ, თუმცა საქართველოში ჩვენ ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, თავად რას ვგულისხმობთ „ტერიტორიული მთლიანობით“, როგორ წარმოგვიდგენია ერთიანი საქართველო პრაქტიკაში. აფხაზები და ოსები ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი ქართველები, რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, არსებითად ყველა საუბარი „დამოუკიდებლობაზე“ აფხაზების და ოსების მხრიდან, ისევე როგორც „ტერიტორიულ მთლიანობაზე“ – ქართველების მხრიდან, პირობითი მნიშვნელობისაა. ჩვენ, ქართველები, ჯერ კარგად უნდა მოვემზადოთ და გავარკვიოთ, რა გვსურს, ხოლო შემდეგ უფრო გამოჩნდება, რა პირობების შეთავაზება შეგვიძლია როგორც მოსკოვისათვის, ისე საკუთრივ აფხაზებისა და ოსებისათვის.
3. როგორი პერსპექტივები აქვს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას?
– რუსეთის ხელმძღვანელობამ და პირადად ვ.პუტინმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა ახლო მომავალში შესაძლებელია. რუსეთისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს ქართული პროდუქციის ბლოკადა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვების შენარჩუნება. საჭიროა გავიხსენოთ ახლო წარსული, თუ რატომ იქნა შემოღებული ზემოთ აღნიშნული შეზღუდვები: სავიზო რეჟიმი რუსებმა შემოიღეს ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ ჩეჩნეთის ომის საკითხში დაკავებული დესტრუქციული პოზიციის გამო, ხოლო ვაჭრობა დაიბლოკა სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციის შემდეგ, როდესაც დაპატიმრებულ იქნენ რუსი სამხედროები და დამამცირებლად გააძევეს, როგორც „ჯაშუშები“.
რუსეთის შრომისა და სავაჭრო ბაზრის ხელმეორედ გახსნა თვით სააკაშვილის დასუსტებული რეჟიმის პირობებშიც არის შესაძლებელი, თუკი საზოგადოება და ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი შეინარჩუნებს ხელისუფლებაზე ზეწოლას, ამის პარალელურად კი რუსეთთან დაიწყებენ სავსებით ღია დიალოგის წარმოებას „სახალხო დიპლომატიის“ ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, მას კი ეხმარება რუსეთის ქართული დიასპორა ალექსანდრე ებრალიძის სახით.
http://geurasia.org/problema-analizi/ras-unda-elodos-saqartvelo-putinisgan/#more-44150