სამართალი
თბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც კამპანია „ეს შენ გეხებას“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, კამპანიის წევრი ორგანიზაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიტანენ მიმართვას, რომელსაც კამპანიაში ჩართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ ხელს.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში.არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი ორი ჯგუფი 15.00 საათზე ერთდროულად შეიტანს მიმართვას: პირველი ჯგუფი – პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციაში, ხოლო მეორე ჯგუფი – საგარეო საქმეთა სამინისტროში, რის შემდეგაც პარლამენტში გადაინაცვლებს და მიმართვას პარლამენტის კანცელარიას ჩააბარებს.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები, აგრეთვე, მიმართვას გაუგზავნიან ეუთოს გენერალურ მდივანსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), რათა მათ საქართველოში მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლაინი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.