თბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. დღეს1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების 56 წელი შესრულდა.
სკკპ XX ყრილობაზე (1956 )კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის – ნიკიტა ხრუშჩოვის, მოხსენებამ სტალინის პიროვნების კულტის შესახებ საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა, სადაც მისი საპროგრამო სიტყვა ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს. ამ შემთხვევას თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა.
ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ.საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა.
დემონსტანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის ფაბრიკა-ქარხნებისა და სხვა დაწესებულებების მუშაკებმაც გამოუცხადეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ.
საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ. შეტაკება მშვიდობიან დემონსტრანტებსა და საბჭოთა კავშირის საჯარისო ნაწილებს შორის 9 მარტს ღამით მოხდა.
დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპუთა რაოდენობა 100-იდან 1000-მდე მერყეობს.