აქტუალური
ხატიაშვილის განცხადება სოლომონ ქიმერიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით

FOSTA-XATIAsVILIთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან ატყობინებენ, რამდენიმე დღის წინ ხაშურის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო,  ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ კომენტარისას განაცხადა, რომ სოლომონ ქიმერიძის სიკვდილის ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნებამდე თავს იკავებდა, გაეკეთებინა საჯარო განცხადება. „შეშფოთებული ვარ ე.წ. სამართალდამცავი  ორგანოს მუშაკების მიერ სოლომონ ქიმერიძის მკვლელობის ფაქტის და, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, თითქოს სოლომონ ქიმერიძის სიკვდილი უბედური შემთხვევა ყოფილიყოს. გამოქვეყნდა, ასევე, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ადასტურებს  სოლომონ ქიმერიძის არაძალადობრივი სიკვდილის ვერსიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას: „პატივცემულო სამოქალაქო საზოგადოებავ, ეს არის სააკაშვილის რეჟიმის მირ შესრულებული მორიგი მარაზმი. ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ელემენტარულ დონეზე არ იცნობს ევროპულ კონვენციას, რომლის მეორე მუხლის თანახმად, თუ პიროვნება ჯანმრთელ მდგომარეობაში პოლიციელებმა შეიყვანეს პოლიციის შენობაში  და იგი პოლიციის შენობაში გარდაიცვალა,  სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევის გამო (სიცოცხლის უფლების ხელყოფა). ვანო მერაბიშვილის უწყებამ ჩაიდინა მორიგი მკვლელობა და სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ ქიმერიძეზე არ შეჩერდება. ისმის კითხვა – რატომ? იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ   სააკაშვილის რეჟიმს ამის უფლება მისცა. სამოქალაქო საზოგადოების გასაგონად ვსვამ კითხვას – თუ შეიძლება ასეთი ძალადობრივი რეჟიმის პირობებში  სამართლებრივი არჩევნების ჩატარება?“