თბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. რუსეთში მოღვაწე მომღერალი ქეთა თოფურია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს: „მე მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა, პირადად პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და დიდ პატივს ვცემ, პოლიტიკაში კი არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი“.
განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია უკმაყოფილოა ჟურნალისტების არასწორი და არაპროფესიონალური დამოკიდებულებით მისი ინტერვიუების მიმართ.„მესმის, რომ უნდათ, გააკეთონ სკანდალური სიუჟეტები, მყვირალა სათაურებით გაყიდონ ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამისათვის ჩემი ნათქვამის დამახინჯება, გადაკეთება, დაჭრა, კონტექსტიდან ამოღება და ისე მიწოდება მკითხველისთვის არ შეიძლება. მირეკავენ და მისვამენ პროვოკაციულ კითხვებს. შემდეგ ისე დაჭრიან ჩემს ნათქვამს, რომ მე თვითონაც ვერ გამომაქვს შინაარსი. აღარაფერს ვამბობ მკითხველზე. ამის გამო მთელი ჩემი ინტერვიუს ტექსტის აზრი იკარგება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მე არ მაღელვებს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი ხალხის და თანამემამულეების ბედი, რაც სრული აბსურდია. ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ადამიანად, დავეუფლე ჩემს პროფესიას; სადაც ცხოვრობენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩემი მეგობრები, კოლეგები, ნათესავები, სადაც ყოველთვის მომიხარია, ყოველ მეორე თვეს... უმორჩილესად გთხოვთ, მინდა, ყველას მოგაწვდინოთ ჩემი ხმა და გულწრფელად გთხოვოთ: არ მინდა, გავხდე ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი, ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საქმე და არც არასოდეს იქნება. მე ვარ მომღერალი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა პროფესიული წარმატების მისაღწევად, მსმენელის კეთილგანწყობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად, მომღერალი, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა – პოლიტიკისთვის“, – განაცხადა ქეთა თოფურიამ.
მისი თქმით, 23 თებერვალს მისი ჯგუფი ლუჟნიკების სტადიონზე ადგილობრივ სადღესასწაულო კონცერტზე მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად.
„ჩვენ არ ვართ არანაირ პოლიტიკურ თუ, მითუმეტეს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩემს ძვირფას ქართველ ხალხს – მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ, ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს – თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო... გულწრფელად გეტყვით, უდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია... ამიტომ არავინ თქვას, რომ ჩემს ადგილას ჩემოდნებს ჩაალაგებდა, შვიდწლიან დაუღალავ შრომას, უძილობას დაივიწყებდა და დაუფიქრებლად იტყოდა უარს ყველაფერზე... ვერავინ დამაჯერებს ამას... რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, მას პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოლიტიკა და პოლიტიკური შეხედულებები კი სულ სხვა თემაა, რომელშიც მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი“, – აღნიშნულია ქეთა თოფურიას განცხადებაში.