პოლიტიკა
სააკაშვილმა აზერბაიჯანელ დეპუტატებს სიტყვით მიმართა

saak-v-miliთბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. „საქართველო და აზერბაიჯანი უფრო მეტი არიან, ვიდრე მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაქოში 7 მარტს აზერბაიჯანის მილიმეჯლისზე თავის 20-წუთიან გამოსვლაში, სადაც მან საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობების წინააღმდეგ ისაუბრა.

„აქ იმისთვის მოვედი, რომ ხაზი გავუსვა, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის, – განაცხადა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში, რომელიც საქართველოში პირდაპირ ეთერში გადაიცა. – რეალურად, ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო წარსულის ტრაგიკული და დიდებული ხსოვნა და მსგავსი მისწრაფებები საერთო მშვიდობიანი და თავისუფალი მომავლისკენ.“

თავის გამოსვლაში სააკაშვილი ხშირად იხსენებდა ისტორიას და აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეების ციტატები მოჰყავდა. მან ციტირება მოახდინა, როგორც თავად აღნიშნა, „აზერბაიჯანულ-ქართული მეგობრობის ყველაზე ლამაზი ძეგლიდან“, ყურბან საიდის ცნობილი რომანიდან „ალი და ნინო“ და გაიხსენა საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წლის სამხედრო ხელშეკრულებაც, რომელიც ორმა ქვეყანამ გენერალ ანტონ დენიკინის თეთრი გვარდიის წინააღმდეგ თავდაცვის მიზნით დადო, რომელიც იმ დროს აზერბაიჯანსა და საქართველოს საფრთხეს უქმნიდა (ორივე ქვეყანა მოგვიანებით ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ დაიპყრო, 1920 და 1921 წელს, შესაბამისად).

„ჩვენი ქვეყნები ალალი დებივით იყვნენ, რომლებიც უპრეცედენტოდ ცდილობდნენ, კავკასიაში თანამედროვე, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული სახელმწიფოები და საზოგადოებები აეშენებინათ. ერთის დაღუპვა, ლოგიკურად, მეორის დაშლას ნიშნავდა და როდესაც აზერბაიჯანი დაეცა [1920 წელს წითელ არმიასთან ბრძოლაში], საქართველომ ვერ შეძლო, ეარსება წელიწადზე მეტ ხანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს, აეშენებინათ ისეთი სახელმწიფოები, რომელთა „განადგურებაც შეუძლებელია“.

„ახლა 2012 წელია და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2012 წელს საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობები კრახისთვის არის განწირული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამასწინათ, ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა მოსკოვში ახალი-ძველი იდეა წარმოადგინა – ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა“, – განაცხადა მან. სააკაშვილს ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ჰქონდა მხედველობაში, რომელიც ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების ერთ კავშირში გაერთიანებას გულისხმობს ბელარუსთან და ყაზახეთთან რუსეთის საბაჟო კავშირის ფუნდამენტზე.

„მოდი ნუ შევცდებით, – განაგრძო სააკაშვილმა, – სახელი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ შინაარსი მთლიანად უცვლელია. ისტორიის განმავლობაში ამ პროექტს ბევრი სახელი ჰქონდა: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, შეზღუდული სუვერენიტეტის დოქტრინა, გავლენის სფეროების პოლიტიკა, ან, როგორც მას ახლა პროკრემლის კომენტატორებმა უწოდეს – „მიწების შეგროვება“, რითაც ცდილობენ, ააღორძინონ ცარიზმისდროინდელი ყველაზე იმპერიალისტური ტერმინოლოგია“.

„ამ კავშირს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ – მხოლოდ ერთი მნიშვნელობა ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის: ეს არის ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასასრული“, – განაცხადა მან.

„ეს პროექტი ვერ და არ იქნება წარმატებული“, – დასძინა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ყველასთვის უკვე ნათელია, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებმა გზა უსაფრთხოებისკენ  ერთად უნდა განვლონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სათითაოდ მოგვისვრიან კლდიდან ისტორიის უფსკრულში და ყველა ჩვენი ოცნება ჩაიშლება.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთიც მივა იმ აზრამდე, რომ უკეთესია, გყავდეს ძლიერი მეზობლები, ვიდრე არასტაბილური ვასალები.

მისი თქმით, ძლიერი პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული ტყუილების მიუხედავად, სიმართლე ისაა, რომ მე არ მსურს სუსტი რუსეთი და მე ძალიან შორს ვარ რუსეთის ნაციონალური ინტერესების მტრობისგან.

„სინამდვილეში, ვოცნებობ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც იქნება ამაყი და სტაბილური, დარწმუნებული საკუთარ ძალაში და იმაში, რომ სწორი გზით მიდის; ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელსაც არ დასჭირდება სხვების დამცირება თავისი ილუზორული სიდიადის დასამტკიცებლად; ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას თითოეული მისი მოქალაქისთვის და არ შეეცდება ისინი პურის ნაცვლად, რომელსაც პირიდან აცლის, საშიში ნოსტალგიით გამოკვებოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„რუსი პატრიოტები, ის მამაცი ხალხი, რომელსაც ყველაფერი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, რომელიც არ აგზავნის თავის მილიარდებს საზღვარგარეთ, რომელიც არ აგზავნის გაჭირვებულ თანამოქალაქეებს ყოვლად უაზრო ბრძოლის ველზე, რომელსაც სურს, რომ რუს ხალხს დაუბრუნოს სუსტი ხელისუფლების მიერ მითვისებული ძალაუფლება, არ არიან ჩვენი მტრები.... ისინი ჩვენი პარტნიორები და ძმები არიან. მათ ის სურთ თავიანთი ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის“.

„ერთ დღესაც, ჩვენ მათთან ერთად შევქმნით მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცეს, – განაგრძო მან. – ჩვენ ამას ენთუზიაზმით გავაკეთებთ, რადგან ვერ შევცვლით გეოგრაფიას და ვერ წავშლით ისტორიას. ჩვენ ეს არ შეგვიძლია და არც გვსურს. ეს არის ჩვენი საერთო ადგილი, ეს არის ჩვენი საერთო ისტორია“.

„რუსეთთან საერთო წარსული და ერთად ასაშენებელი მომავალი გვაკავშირებს. ჩვენი მხრივ – ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს ამ კუთხით და ამ აზრს ვერაფერი შეგვაცვლევინებს – ამ მომავლის სახელი ევროკავშირი და ნატო იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით საქართველომ 140 მილიონი რუსისთვის მოსაწვევი გააგზავნა: ჩვენ გელოდებით თქვენ, როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, მსახიობებს, მწერლებს, ჩვენ გელოდებით როგორც სტუმრებს და პარტნიორებს, მაგრამ – არა როგორც ოკუპანტებს.

„მათ, ვინც ამ გაწვდილ ხელს უარყოფს, მათ, ვისაც სურს მენტალური და ფიზიკური კედლების აშენება, მათ, ვისაც კვლავაც მიაჩნია ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება საფრთხედ, მსურს, ვუთხრა, რომ ცივი ომი 1991 წლის დეკემბრის ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა“, – დასძინა სააკაშვილმა.

რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ,სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და ეს დიდწილად ჩემი ძალიან ახლო მეგობრის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობის დამსახურებაა და, ასევე, იმის, რომ ჩვენი ორი მთავრობა რეგიონის მომავალს იდენტურად ხედავს.

მისი თქმით, ორი ქვეყნის სურვილია, რომ უახლოეს წლებში ეს კავშირი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ და ამ მიზნით 6 მარტს პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრაზე ძალიან კონკრეტული პროექტები იქნა განხილული.

„ჩვენი ალიანსი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, – განაცხადა სააკაშვილმა. – თუ ნებას დამრთავთ, ვიყო პოეტური, ვიტყვი, რომ ეს სიყვარულივითაა: არ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც იმიტომ, რომ გძულს სხვა. შენ, უბრალოდ, გიყვარს“.