თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. გუშინ, 6 მარტს, საქინფორმი სოციალურ ქსელ „Facebook“-სა და „Forum.ge“-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელ სუბიექტებად ფუნქციობას შეწყვეტს 20 მარტიდან. ამას წინ უძღოდა კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება.
საზოგადოების ვნებათაღელვის ჩაცხრობის, სიტუაციის განმუხტვისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, საქინფორმს დაუკავშირდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც გვთხოვა, ამ უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება მიგვეწოდებინა მკითხველისთვის:„სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2012 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში რეფორმის განხორცილება წარმოადგენს. რეფორმის ფარგლებში, მთავრობის დადგენილებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას შეეცვალათ სტატუსი.
სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის ნაცვლად მიენიჭათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი, რაც უფრო მოქნილს ხდის მათ ფუნქციონირებას და ერთგვარად ცვლის აქამდე არსებულ სისტემას.
რეორგანიზაციის პერიოდში ყველა ზემოაღნიშნულ სასწავლებელს უხელმძღვანელებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი“.
P.S. სრული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც განცხადებას ახლავს მიმაგრებული ფაილი ("სსიპ" და "ააიპ" ზოგადი განმარტებანი. ამონარიდები "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონიდან, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან და საქართველოს კანონიდან "საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ")