თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს, ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ საერთო საქმეს არ ავნოს.
„არ არის აუცილებელი, რომ მიიღო მონაწილეობა, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, არამედ აზიანებ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია, ისეთი მდგომარეობა უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე, თუ ვერ მოეხმარები, არ დააზიანო მაინც, – განაცხადა ივანიშვილმა. – ასე შემიძლია ქალბატონ ნინოსაც გადავცე და მოვუწოდო“.
ეს განცხადება მან სახალხო კრებისა და ქართული აკადემიის წარმომადგენლებთან 6 მარტს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.„საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის ადამიანი პირველ რიგში და „მე“-დან და „ჩემი“-დან მოდის ყველაფერი, მაგრამ ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს კონკრეტულ სიტუაციაში და აირჩიოს სწორი პრიორიტეტები და არ უნდა დარჩეს პატარა ბავშვივით, რომ „ჩემი“ და „მე“. აი, ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს“, – განუცხადა მან სახალხო კრების წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომლის ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტებიც მისმა პრესსამდივნომ გაავრცელა.
ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ 26 მაისის აქციაში მონაწილეობა, რომელიც ბურჯანაძის ხელმძღვანელობით „სახალხო კრების“ მიერ იყო ორგანიზებული და რომელიც ხელისუფლებამ ძალით დაშალა, გმირობა იყო, თუმცა არა – პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც სხვანაირი ვალდებულებები აქვთ. მან, ასევე, აღნიშნა ამ მოვლენებში მოძალადე ხელისუფლების ბრალი.
ერთი თვის წინათ ივანიშვილმა განაცხადა, რომ იდეოლოგიური განსხვავებების გამო ბურჯანაძის პარტიასთან კოალიციურ თანამშრომლობას არ აპირებს.