პუბლიკაციები
ნანა დევდარიანი: „რესპუბლიკელთა „ქართული ოცნება“

nanaკომპეტენტურ ექსპერტთა აზრით, საქართველოში, 2011 წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა. მისმა პირველმა საჯარო განცხადებამ:

„შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ“ აფეთქებული ბომბის ეფექტი გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ასევე მმართველ პარტიაში. ამან კი პანიკაში ჩავარდნილ სააკაშვილსა და მისმა გარემოცვას არაორდინალური ნაბიჯები გადაადგმევინა.

ივანიშვილის განცხადებიდან ოთხი დღის შემდეგ 11 ოქტომბერს, მას და მის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ივანიშვილს დღემდე არა აქვს აღდგენილი საქართველოს მოქალაქეობა, მოუხედავად იმისა, რომ მან უარი განაცხადა რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობაზე.

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა მის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს, მაგრამ სასამართლოს ეს დადგენილება პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა დაამტკიცოს. მას ამ საკითხის რამდენიმე თვით გაჭიანურება შეუძლია. მიზეზი ისაა, რომ ივანიშვილმა ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენამდე გამოთქვა პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილი, ახლა კი, როცა მის მეუღლეს ჯერ კიდევ არ აღდგენია მოქალაქეობა, განაცხადა, რომ ამ პარტიას ეკატერინე ხვედელიძე უხელმძღვანელებს. თავის მხრივ, ეკატერინე ხვედელიძე ყურადღებას ამახვილებს ქალის როლზე საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერ აუკრძალავს ბიძინა ივანიშვილს მეუღლისათვის რჩევების მიცემას. ადრე ივანიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ პარტიის სათავეში თავისი შვილი ჩაეყენებინა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ იგი ჯერ კიდევ 19 წლისაა და კანონმდებლობა არჩევნებში კენჭისყრის უფლებას უკრძალავს.

სახელისუფლებლო არხებმა საბაბი იშოვეს „ოჯახური პოლიტიკის“ გასაპიარებლად. ჟურნალისტები, რომლებიც ბრალს სდებდნენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ არაკომპეტენტურობაში, კიდევ უფრო მეტი ხალისით შეუდგნენ მისი მეუღლის ქალბატონ ეკატერინეს კრიტიკას, რომელიც ბიძინაზე ნაკლებკომპეტენტურია ამ სფეროში.ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი “არავის არ ენდობა”, “ზედმეტად ეჭვიანია” და სხვა.

სხვათა შორის, ივანიშვილის სუსტ წერტილად მიაჩნიათ არა მისი გაუთვითცნობიერება პოლიტიკაში, არამედ ის, რომ მან პარტნიორებად აირჩია “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”. ესენი ცნობილი პროამერიკული პარტიებია და, ამიტომ, ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ეჩვენებინა ამერიკელებისთვის, რომ იგი არ აპირებს ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლას, მეორე მხრივ კი, მმართველ პარტიას არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის “კრემლის” პროექტი ეწოდებინათ (რასაც ხელი არ შეუშლია “ნაციონალებისათვის”, რომ საჯაროდ და ჯიუტად ეძახათ მათთვის “კრემლის პროექტი”). მაგრამ ამ არჩევანმა, ერთიანობაში, მაინც ვერ მოიპოვა პოპულარობა ამომრჩევლებში.

რესპუბლიკელთა რეიტინგი 2-3 პროცენტს არასოდეს აღემატებოდა და ისინი არჩვენებში მონაწილეობისათვის ყოველთვის რომელიმე ბლოკთან ერთიანდებოდნენ.

დამოუკიდებლად ისინი ვერასოდეს გადალახავენ საარჩევნო ბარიერს. “ახალი დემოკრატები” ახალი პარტიაა, მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ოპოზიციური ალიანსის ლიდერი გახლდათ 2010 წლის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს შექმნილი “ალიანსი საქართველოსათვის” რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებდა – თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზა”, თბილისის საკრებულოში მათ მიიღეს მხოლოდ 5 მანდატი (9%) (ნაციონალები – 25 მანდატი), თბილისის მერის არჩევნებში კი ხმების 55,2 პროცენტით გაიმარჯვა ნაციონალთა კანდიდატმა გიგი უგულავამ. ირაკლი ალასანია მეორე ადგილზე გავიდა 19,05 პროცენტით.

არჩევნების დამთავრებიდან მოკლე დროში ალიანსი დასტოვა სოზარ სუბარმა (ყოფილი ომბუდსმენი, შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილის “ქართული პარტიის” თავმჯდომარე), რომელმაც უარი თქვა თბილისის საკრებულოს მანდატზე. მანვე განაცხადა, რომ თუ არსებობს გამარჯვების შანსი, არ უნდა “იბრძოლო დამარცხებისათვის”.

ალასანიამ ამას სისუსტის გამოვლენა უწოდა: “არიან ადამიანები, რომლებიც პირველივე წარუმატებლობისას ჰკარგავენ საკუთარი თავის მიმართ რწმენას. ნამდვილ მეომრებს წინააღმდეგობა მეტ ძალას სძენს. პირადად მე არასოდეს მქონდა გარანტირებული გამარჯვების იმედი. თვით ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი მე ვიმარჯვებდი მხოლოდ საკუთარი ძლიერების რწმენითა და თანამებრძოლთა მხარდაჭერით და ამავე რწმენით გავაგრძელებ მუშაობას. სოზარმა კი თავისი გზა აირჩია”.

ორი კვირისთავზე ალიანსი დაიშალა.  პოლიტიკურ წრეებში კი ხუმრობით ამბობდნენ: ალიანსი იმისათვის შეიქმნა, რომ თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მეუღლე) საკრებულოს წევრი გამხდარიყოო. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი საზოგადოებამ მიიღო, რადგან მისადმი ნდობა იმდენად დიდი იყო, რომ რესპუბლიკელთა დაუძინებელი მტრებიც კი გაჩუმდნენ. ჭარბობდა აზრი, რომ მილიარდერი არ იმოქმედებს მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩადგება სამშობლოს სამსახურში, მისი ლიდერობის შემთხვევაში კი ზემოდხსენებული პარტიები ვერ მოახერხებენ საკუთარი ინტერესების ტორპედირებას. ყველაფერი კი პირიქით გამოვიდა (სადღეისოდ): პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან ამ ორი პარტიის ლიდერები, ივანიშვილი კი არ რეაგირებს პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, როცა 13 იანვარს მის მშობლიურ საჩხერის რაიონში მის მხარდამჭერებს სცემეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მან საპროტესტო განცხადება გაავრცელა მხოლოდ 24 იანვარს.

განსაკუთრებულ ყურადღება იმსახურებს ივანიშვილის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება”.

თავად სახელწოდება აღძრავს “ამერიკული ოცნების” ასოციაციას. ამას დიდად არ აღუფრთოვანებია ოპოზიციურად განწყობილი ინტელექტუალები, რომლებიც თვლიან რომ საქართველო უნდა წავიდეს თავისი, და არა ამერიკული გზით. ბიძინა ივანიშვილის შვილმა – რეპერმა ბერამ სიმღერა შექმნა ქართულ ოცნებაზე, სადაც არის სიტყვები: “მე პარიზში დავიბადე, მაგრამ თხემიდან ტერფამდე ქართველი ვარ”.

რომ წარმოვიდგინოთ ივანიშვილის პოლიტიკურ სცენზე გამოჩენით გამოწვეული ეიფორია, საკმარისია მოვიყვანოთ ფეისბუკში ბერასა და ჯონი დეპის ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებული კომენტარი: “ეს ბერაა, ვიცი, მაგრამ არ ვიცი ვინაა მეორე. მაგრად კი გაუმართლა, ბერასთან ერთად რომ აქვს სურათი გადაღებული”.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე “ნაციონალური” ტელეარხები ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დარბაზში ისხდნენ “ძველი სახეები” ან “შევარდნაძის სახეები”. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს ელჩი რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძე იძულებული გახდა განეცხადებინა: “როცა მე წავედი შევარდნაძის ხელისუფლებიდან, სააკაშვილი იქ დარჩა. მე ვარ შევარდნაძის სახე, ეგ კი არ არის”.

“ქართულმა ოცნებამ” ამ თავდასხმების საპასუხოდ განაცხადა, რომ მათ არ მოუწვევია ეს ხალხი და ისინი თავად მოვიდნენ პრეზენტაციაზე. როგორც ერთ საბჭოთა ფილმშია: “ჩემი ბრალი არ არის, ის თვითონ მოვიდა!”

უკვე მაშინვე გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ივანიშვილის გარემოცვაში არის პიროვნება, რომელიც ფილტრავს ხალხს და წყვეტს, ვინ უნდა მიუშვას ივანიშვილთან და ვინ – არა. თვალშისაცემი გახდა ისიც, რომ ეროვნული თვითშეგნებით გამსჭვალული პარტიები ივანიშვილის თვალსაწიერში ვერ მოხვდნენ (ან თავად ივანიშვილმა არ ისურვა მათი დანახვა).

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ივანიშვილმა პირველივე განცხადების გაკეთებისას დაუშვა შეცდომა: არ შეიძლება ძლიერი და აგრესიული ხელისუფლების დამარცხება ორ, არც თუ ძლიერ და პოპულარულ პარტიასთან ერთად. მას უნდა გამოეცხადებინა მთელი ოპოზიციური სპექტრის მობილიზაცია. სააკაშვილის რეჟიმს მხოლოდ გაერთიანებული ძალებით თუ დაამარცხებ. თუ ივანიშვილი კვლავაც ძველებურად გააგრძელებს, ალბათ შეიქმნება მესამე ცენტრი და საპროტესტო ხმები დაიფანტება, რაც სააკაშვილს სტატუს-კვოს შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

2012 წელს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ხელისუფლების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მმართველი პარტია უმრავლესობით ვერ შევა პარლამენტში.

სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ ვინ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგი განსაზღვრავს, თუ ვინ ჩაუდგება სახელმწიფოს სათავეში შემდგომ წლებში. შიდაპოლიტიკური სტაგნაციამ, რომელიც გამოიკვეთა ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შემდეგ, დღის წესრიგში დააყენა ახალი ლიდერის ან გაერთიანების გამოჩენის აუცილებლობა. პროამერიკული ძალები იმდენად ხშირად ხვდებოდნენ ამერიკის მმართველი წრეების წარმომადგენლებს, რომ სწორედ ეს შეიძლებოდა ქცეულიყო ახალი პოლიტიკური სცენარის შექმნის სტიმულად 2012 წლისათვის. სავსებით ნათელია, რომ სააკაშვილის პროამერიკული ოპოზიცია ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა. ამიტომ, სულაც არ არის დაუჯერებელი, რომ “ლოკომოტივის” ძებნამ ისინი ივანიშვილთან მიიყვანა, რომელიც თავისი მასშტაბური ქველმოქმედებისა და სუფთა პოლიტიკური წარსულის გამო სავსებით ვარგისი გახლდათ ამ როლისათვის.

პირველი, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ივანიშვილი მორიგი “ამერიკული პროექტია”, ვისითაც სურთ სააკაშვილის შეცვლა, გახლდათ ქართველ ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისმა ემოციურმა განცხადებებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მისი პარტია დასტოვა საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ნესტან კირთაძემ. იგი ივანიშვილს შეხვდა და მის პოლიტიკურ გუნდში მიწვევის ნაცვლად მიიღო წინადადება, რომ შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებდა აფხაზებთან და ოსებთან კავშირების დამყარებისათვის.

შემდეგ ლეიბორისტულ პარტიას გაემიჯნენ რეგიონალური აქტივისტები (უფრო მეტად იმერეთიდან, რადგან ივანიშვილი ამ კუთხის შვილია). ნათელაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ მას არ დაუჯერეს 2003 წელს, როცა მან განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუცია” იყო მხოლოდ ხელისუფლების გადაცემის სპექტაკლი. მით უმეტეს, მას არც ამჯერად დაუჯერეს. ივანიშვილის გამოჩენიდან ოთხ თვეში საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები მისი გაერთიანების თაობაზე. იმის მოლოდინი, რომ იგი თავს მოუყრიდა სააკაშვილის ყველა მოწინააღმდეგეს, არ გამართლდა. გარდა ზემოაღნიშნული პარტიებისა, ივანიშვილმა ახლოს არ გაიკარა სხვა პარტიები, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა კი მიიღო საარჩევნო სიაში ინდივიდუალურად შეყვანის წინადადება. “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა და “კონსერვატორების” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა მიიღეს ეს წინადადება, “ეროვნულ

ფორუმთან” მოლაპარაკებები ჭიანურდება და შედეგი ჯერ არ სჩანს. ნინო ბურჯანაძის შემოერთებას ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელებიცა და თავისუფალი დემოკრატებიც.

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა სვამს ლოგიკურ შეკითხვას: თუ ივანიშვილის გუნდი ყველაფერში იმეორებს სააკაშვილის პროგრამას, მაშ რაშია განსხვავება მათ შორის?

მართლაც, საქმისადმი მათ მიდგომაში განსხვავების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. ისინიც და ესენიც ევროინტეგრაციის მომხრეები არიან. ორივე მხარე საუბრობს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე.

სააკაშვილის ზოგიერთი რეფორმა ივანიშვილმა მოიწონა. კობა დავითაშვილი ღიად საუბრობს საყოველთაო ამინისტიაზე; მაგალითად, მან თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი განაკულაკებენ დღევანდელი ხელსუფლების ბობოლებს.

მაგრამ იგივე გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც ცნობილი იყო თავისი “ხორცის მონოპოლიით” (ბაზარში შედიოდა მხოლოდ მის სასაკლაოებზე დაკლული საქონლის ხორცი), თავად გაკოტრდა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენით. ცდილობენ რა იმის დემონსტრირებას, რომ ანგარიშს არ გაუსწორებენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ისინი არ ითვალისწინებენ საზოგადოების განწყობას, რომლისთვისაც მთავარია არა ვინმეს დასჯა, არამედ სამართლიანობის აღდგენის იმედი.

სავსებით მოულოდნელი გახლდათ ალასანიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან პარლამენტში ითანამშრომლონ ნაციონალურ მოძრაობასთან. ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ალასანიამ უმალ უკან წაიღო თავისი სიტყვები. ალასანიას მხრიდან ეს არ გახლდათ უკან დახევის ან სათანადო განმარტების გაკეთების პირველი შემთხვევა. ვნებათა ღელვა მალე ჩაქრა, მაგრამ უპირატესად იმიტომ, რომ ახალი გაერთიანების ლიდერად ითვლება ივანიშვილი და არა ალასანია.

ქართული საზოგადოების საპირისპიროდ, აშშ-ში ლიდერად მიაჩნიათ სწორედ ალასანია და არა ივანიშვილი.

ამას წინათ ჟურნალისტმა ჯოშ როგინმა ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ის საიტის ბლოგზე დაწერა: “ქართველმა მილიარდერმა და გამოჩენილმა ოპოზიციონერმა-დეპუტატმა (მხედველობაში ჰყავს ალასანია, რომელიც დეპუტატი არ გახლავთ) ვაშინგტონში ახლახან წამოიწყეს ვრცელი ლობისტური კამპანია. თუ საქართველოს ხელისუფლების ლობისტურ კამპანიაზე ვაშინგტონში იწერება ხშირად, ამ ახლი კამპანიის თაობაზე თითქმის არაფერია ცნობილი. გუშინ ობამამ ოვალურ კაბინეტში მიიღო მიხეილ სააკაშვილი. ეს მეტყველებს ქართულამერიკულ ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე და სააკაშვილის ლობისტების ნაყოფიერ მუშაობაზე ფირმიდან “Orion Strategies და The Podesta Group.” მაგრამ სააკაშვილს რომ გადაეფურცლა გაზეთები “The New York Times”-I ან The Washington Post“, დაინახავდა, რეკლამის უფლებით, დაბეჭდილ ღია წერილს ობამას სახელზე. პუბლიკაციის ფული გადაიხადა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სააკაშვილის მთავარ პოლიტიკურ მეტოქესთან – ირაკლი ალასანიათან”.

ამ წერილიდანაც ნათელია, რომ ამერიკაში ამ გაერთიანების ლიდერად ალასანიას მიიჩნევენ, ივანიშვილი კი მას უზრუნველჰყოფს ფულადი სახსრებითა და საკუთარი რეიტინგით. თუ გავიხსენებთ ნოემბერში ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ იგი პოლიტიკაში მოდის 2-3 წლით, ხოლო შემდეგ აპირებს ოპოზიციაში გადასვლას (საზოგადოებამ ვერასგზით ვერ ახსნა ამ განცხადების მოტივი), იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან კარგად იცის ის როლი, რაც მას მიუჩინეს მოცემულ პოლიტიკურ თამაშში.

მიუხედავად ამისა, ივანიშვილის კარზე პირველ ვიოლინოდ ითვლება არა “სააკაშვილის მთავარი პოლიტიკური მეტოქე”, არამედ რესპუბლიკური პარტია. ამ პარტიის სუბიექტური მიდგომა პოლიტიკური ძალებისა და პერსონებისადმი ზოგჯერ ირაციონალურ ჭრილში გადადის.

თურქეთის მოთხოვნას, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების თაობაზე, თურქეთში ქართული რელიგიური ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, დიდი სკანდალი მოჰყვა, რომლის შემდეგ რესპუბლიკელთა რეგიონალური ლიდერი მურმან დუმბაძე საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.

რესპუბლიკური პარტიის მთავარმა კომიტეტმა იგი თავისი რიგებიდან გარიცხა. გაზეთ “ბათუმელების” გამოკითხვით დუმბაძე “2011 წლის პოლიტიკოსი” გახდა და რეიტინგით აჭარის მთავრობის მეთაურს ვარშალომიძეს გაუსწრო. აჭარლებს უკვირთ, თუ რატომ არ აირჩიეს დუმბაძე “ქართული ოცნების” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელად. მაგრამ ძნელად ასახსნელი აქ არაფერია – მისი კანდიდატურის წინააღმდეგ რესპუბლიკელები გამოდიან, რომელთაც ვერ გადაულახავთ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება დუმბაძის მიმართ. ეს კი ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს აჭარის ხმებს დააკარგვინებს.

სირთულეები თავს იჩენს ხოლმე საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებაში”, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიად უნდა გარდაიქმნას. პოლიტიკური პარტნიორები ფხიზლად არიან, რათა პარტიის რიგებში არ გაწევრიანდნენ მათთვის არასასურველი პირები. ამასთან, ყურადღებას იპყრობს ხალხი, რომლებიც ოქრუაშვილის პარტიიდან მოვიდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის მეუღლე, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების ყოფილი თანამშრომლები და სხვა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის პარტნიორებს მეტი ურთიერთობა აქვთ სააკაშვილის რეჟიმთან, ვიდრე ქართველ ამომრჩეველთან.

ისევე, როგორც ალასანიამ მიულოცა ადგილობრივი მართვის ორგანოების არჩევნებში გამარჯვება მმართველი გუნდის წევრ უგულავას (მოგვიანებით მან ახსნა, რომ სხვა რამე ჰქონდა მხედველობაში), ობამასა და სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თავის ფეისბუკზე გამოაქვეყნა: “მიუხედავად მმართველი ძალის პოლიტიკისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, მე ოპტიმიზმით შევხვდი სააკაშვილის ვაშინგტონში მიწვევას”.

გამოთქვა რა იმედი, რომ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტი საქართველოს გაიყვანდა დემოკრატიული განვითარების გზაზე, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა: “მე და ჩემი პატრნიორები პასუხისმგებლობას ვიღებთ მრავალპარტიული სისტემის დანერგვასა და საგარეოპოლიტიკური კურსის რეალიზაციაზე.

ამიტომ, მივმართავთ ამერიკისა და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს თხოვნით, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და მთელი ძალები მოახმარონ საქართველოში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც ხალხის საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მისცემს”.

ივანიშვილის ეს განცხადება ყველაზე პროდასავლურია ადრე მის მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას შორის. კერძოდ, იგი ბრალს სდებს სააკაშვილს ნატო-ს გზაზე შეფერხებების შექმნაში. და ხაზგასმით აღნიშნავს: “ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლობით აღჭურვილი მთავრობა, მაღალი საგარეო და შიდა (ზუსტად ამ თანმიმდევრობით, და არა – პირიქით. ნ.დ.) ლეგიტიმურობით, რომელიც იქნება პროგნოზირებადი და საიმედო პატრნიორი დასავლელი მოკავშირეებისათვის”. დაბოლოს, ივანიშვილი პირდაპირ მიანიშნებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მექანიზმზე: “საჭიროა სააკაშვილის ინტენსიური დიალოგი “საქართველოს ერთგულ მეგობრებთან” საპარლამენტო არჩევნებამდე, რათა იგი არ ეცადოს ხელისუფლების ყველანაირი მეთოდით შენარჩუნებას, რაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსათვის”.

ამრიგად, ივანიშვილისათვის ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხი კი არა, “საქართველოს ერთგული მეგობრებია”, რომლებიც, მით უმეტეს, არ აკრიტიკებენ სააკაშვილს იმისათვის, რისთვისაც აკრიტიკებენ პუტინს.

“The Washington Post”-სათვის 31 იანვარს მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილს არ უარყვია, რომ აპირებს პრემიერ-მინისტრობას. ხაზი გაუსვა რა პუტინთან ანალოგიას, სააკაშვილმა თქვა: “ზოგჯერ მეკითხებიან, ხომ არ ვაპირებ, რომ გავხდე პუტინი. საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი, იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის”. უბრალო, მაგრამ რკინისებური ლოგიკაა: ვინ შეედავება იმაში, რომ საქართველო რუსეთი არ არის?

ივანიშვილის განცხადებები თითქოს თითქოს სიმშვიდეს სძენს და პასიურს ხდის მის გუნდს, მაშინ, როცა სააკაშვილმა უკვე დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი. იგი ყოველდღე ჩადის რეგიონებში, ხსნის წარმოებებს (რომლებიც, სხვათა შორის, მალე იხურება, მაგრამ ამას ტელეარხები არ აჩვენებენ), ხვდება ამომრჩევლებს, მოხუცებს კბილების ჩასმას ჰპირდება, რათა “ბედნიერი ღიმილი” ჰქონდეთ, და ა.შ. და ა.შ. ივანიშვილის გუნდი კი თავიდან იცილებს თავის მომხრეთა ბრალდებებს და იმედოვნებს, რომ “დასავლეთი დაგვეხმარება”.

ასეთ პირობებში აუცილებლად აღმოცენდება მესამე პოლიტიკური ცენტრი რახან ივანიშვილი ვერ გახდა საერთოეროვნული ლიდერი (ან მას ამის საშუალება არ მისცეს), უნდა ვივარაუდოთ, რომ მის მიერ უარყოფილი პარტიები გაერთიანდებიან. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ მესამე ცენტრის შექმნა გამოიწვევს ოპოზიციური ხმების დაფანტვას, ეს მაინც მოხდება, თუ ივანიშვილი არ შეცვლის თავის დღევანდელი გაერთიანების კონფიგურაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველმა, რომელსაც უკვე ყელში აქვს ამოსული სააკაშვილის ევროატლანტიკური ძილისპირულები, ნაკლებსარწმუნოა, რომ ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას”, რომელსაც უფრო და უფრო ხშირად “რესპუბლიკელთა ოცნებად” მოიხსენიებენ.

georgiamonitor.org