თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. როგორც პროფკავშირების ქალთა კომიტეტმა საქინფორმს აცნობა, პროფკავშირების გაერთიანებაში კომიტეტმა დედის დღეს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში დღევანდელი დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით მრავალშვილიანობისთვის სახელმწიფოს მხრიდან თანადგომაა აუცილებელი.
პროფკავშირებმა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულების ანაზღაურების წესის“ კანონში ცვლილებების არაერთი პროექტი მოამზადა, თუმცა, ქალთა კომიტეტის რამდენიმეწლიანი არაერთგზის მცდელობისა, ცვლილებები არ განხორციელებულა.მიმართვაში საუბარია კონვენციით განსაზღვრული ფულადი შემწეობის ოდენობაზე, რომ დედამ შეძლოს როგორც საკუთარი, ისე შვილის ღირსეულად მოვლა, სანიტარიული და ჰიგიენური მოთხოვნების დაკმაყოფილება და ცხოვრების აუცილებელი დონის შენარჩუნება.
არც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობის გადახედვა ხდება არსებული ინფლაციის გათვალისწინებით.
„ამ ფონზე კი საქართველოში მცხოვრები ქალები ვერ ახერხებენ თავიანთი ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულების – დედობის განხორციელებას, თავს იკავებენ შვილის გაჩენისგან, რადგან მათ ამ ნაბიჯს შესაძლოა, სამსახურის დაკარგვა თუ არა, ყოველთვიური ოჯახური შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება მოჰყვეს. ეს ის არჩევანია, რომლის წინაშეც მათ არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა აყენებს“, – ნათქვამია მიმართვაში.
საქართველოს პროფკავშირები კიდევ ერთხელ მიაპყრობს საზოგადოების, ხელისუფლების ყურადღებას ამ პრობლემებისადმი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წარმატებული მომავლისათვის ჩვენს ქვეყანას ბევრი და ჯანმრთელი შვილი სჭირდება და კიდევ ერთხელ მოითხოვს ქვეყნის პრეზიდენტისგან, პარლამენტისგან, მთავრობისგან – შეცვალონ მოქმედი კანონმდებლობა უკეთესობისკენ, მოახდინონ საერთაშორისოდ აღიარებული შსო-ს 183-ე კონვენციის რატიფიცირება.