სამართალი
თეატრალურ უნივერსიტეტს, კონსერვატორიას და სამხატვრო აკადემიას გილაურმა სტატუსი გაუუქმა!
fosta-saxelovneboთბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. როგორც სოციალურ ქსელ „Facebook“-სა და „Forum.ge“ -ზე ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ შესაძლოა, დამოუკიდებელ სუბიექტებად ფუნქციობა შეწყვიტოს.
სამივე უმაღლესი სასწავლებლის რექტორებმა დღეს კულტურის სამინისტროდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას ხელმოწერილი ბრძანება მიიღეს, რომლის თანახმად, კონსერვატორიაც, სამხატვრო აკადემიაც და თეატრალური უნივერსიტეტიც, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 20 მარტიდან ფუნქციობას წყვეტს. როგორც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გოგი მარგველაშვილი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, ბრძანება სამინისტროდან მართლაც მიიღო და ეს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება. ბრძანებულების თანახმად, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად უნდა გადაკეთდნენ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირად და სწორედ სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით ცხადდება რეორგანიზაცია.
თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესში უმაღლეს სასწავლებლებს არა მოქმედი რექტორები, არამედ რექტორის მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ, რომლებიც რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.
საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, კარგა ხანია, მზადდებოდა ამ სამი უმაღლესი სასწავლებლის შერწყმის გეგმა და მათი ერთ – ხელოვნების აკადემიად ჩამოყალიბება.