საზოგადოება
ივანიშვილი პოლიციელებს აფრთხილებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები

bidzina-bifingiთბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძე სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლია და მოუწოდა პოლიციელებს, რომ არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.

„სიტუაციაა ძალიან მარტივი: მოქალაქე პოლიციელს გამოჰყავს საკუთარი სახლიდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და გარკვეული დროის შემდგომ ის მოკლული გამოჰყავს პოლიციის შენობიდან – ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა აშკარად პოლიციის ძალადობის მსხვერპლი პოლიციის სამმართველოს შენობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე არათუ დაკავებულია რომელიმე პოლიციელი, არამედ სამსახურიდანაც კი არავინაა გათავისუფლებული.

„ყველაზე ცოტა, გამოძიების დამთავრებამდე საჭირო იყო ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა და კიდევ ერთხელ აჩვენა და კიდევ ერთჯერ მიგვანიშნა, რა არის მიზეზი ყველაფერი ამის და, რა თქმა უნდა, ეს არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა თავისი ძალადობრივი იდეოლოგია საპარლამენტო დებატების დროსაც გამოამჟღავნა. „მან ვერ შეიკავა თავი და ლამის იქვე მოისურვა ოპოზიციონერი დეპუტატის დასჯა, თუმცა გაიაზრა, რომ ამის ძალაუფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდა და ამან შეაჩერა ის, რომ სასჯელისგან თავი შეეკავებინა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიციის თანამშრომლებს, თავი შეიკავონ უკანონო ბრძანებების შესრულებისგან, ნუ გახდებიან სააკაშვილის იდეოლოგიაზე აგებული ძალადობრივი სისტემის მსხვეპლნი, ნუ ჰგონიათ და ნუ აქვთ იმის ილუზია, რომ ეს გაგრძელდება ძალიან დიდხანს და სააკაშვილი მათ დაიცავს მუდმივად.

მისი თქმით, ეს ძალადობრივი სისტემა ძალიან მალე დაიმსხვრევა, სულ რაღაც 7 თვეში, და პოლიციელები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს.