თბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კვირას მომხდარი სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დეტალები მკაფიო არ არის. მისიამ შეშფოთება გამოხატა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, სოფელ განმუხურთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს კვირას, გამთენიისას, ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, თავდამსხმელები მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სეპარატისტული აფხაზეთიდან გადმოვიდნენ.
სოხუმმა განაცხადა, რომ მას მომხდარ ინციდენტთან არაფერი აქვს საერთო.„კვირას, როგორც კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტის შესახებ შეიტყო, დამკვირვებლების რამდენიმე ჯგუფი ადგილზე გააგზავნა ინფორმაციის შესაგროვებლად, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, – ნათქვამია მისიის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. – ჯერჯერობით დეტალები მკაფიო არ არის და ანგარიშები ადგილიდან წინააღმდეგობრივია. მისია გააგრძელებს მუშაობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ამ ინციდენტის შესასწავლად“.
„რაც უნდა მომხდარიყო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავდაჭერა და თავი შეიკავონ ნებისმიერი სიტყვების ან მოქმედებებისგან, რომლებიც პროვოკაციული შეიძლება იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბოლო თვეების განმავლობაში ამ ადგილებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება, რაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკითხი დააყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ წინა შეხვედრებზე“, – განაცხადა მისიამ.
„მისია გააგრძელებს მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას ადგილზე და ყველა მონაწილესთან მუშაობას შეხვედრებზე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, და, ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.