პოლიტიკა
ივანიშვილი: „უახლოეს დღეებში დავიწყებთ აქტიურობას რეგიონებში“

bidzina-derstandartთბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მისი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი კრება ჩატარდება და პროგრამას წარადგენს.

როგორც ივანიშვილი სოციალური ქსელი „Facebook“-ის ერთ-ერთი მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ „Facebook“-ზე წერს, პოლიტიკური კოალიციის რეგიონული ოფისების ჩამოყალიბების პროცესი, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.

„უახლოეს დღეებში ჩვენ დავიწყებთ აქტიურობას რეგიონებში, კოალიციის წევრები გავლენ საქართველოს ყველა კუთხეში და უშუალოდ გააცნობენ მოსახლეობას იმ გეგმებს, რომლითაც მოვდივართ ხელისუფლებაში. დაიწყება აქტიური მუშაობა არჩევნებისთვის დამკვირვებელთა მოსამზადებლად. მოსახლეობის ნაწილში ჯერ კიდევ დარჩენილია სკეპტიკური დამოკიდებულება არჩევნების სამართლიანად ჩატარების პერსპექტივაში, ამიტომ საჭიროა, საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას. ეს კი მოხდება ხალხის მაქსიმალური ჩართვით როგორც არჩევნებში, ისე არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. ხელისუფლება ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას, როცა დაინახავს ხალხის ძალას. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება აქტიური კონტაქტები საერთაშორისო დონეზე როგორც დიპლომატიურ წრეებთან, ისე უშუალოდ ჩვენს მეგობარ დასავლელ სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გეგმების დეტალებს გასაგები მიზეზების გამო ვერ გავახმაურებთ, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გათვლილი გვაქვს მოქმედების გეგმების რამდენიმე ვარიანტი იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია ჩვენს მზარდ აქტიურობაზე“, – წერს ივანიშვილი.