პოლიტიკა
საქინფორმი პუტინს ულოცავს

polit-ot-redღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელსაც ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმა „ჭაობებმა“ („Болота“) და „წვიმებმა“ („Дожди“) და რომელშიც, სხვათაშორის, ეჭვი არავის ეპარებოდა – არც თქვენს მრავალრიცხოვან მომხრეებს, არც მტრებს. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა – აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია, ისევე, როგორც სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. რუსეთი, ყველაფერთან ერთად, იმითაც არის მდიდარი, რომ თქვენი სახით ჰყავს  ლიდერი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე.

რას ნიშნავს პუტინის ახალი პრეზიდენტობა და რატომ ეშინოდათ ამისი ასე რუსეთის მტრებს? პირველი პრეზიდენტობის დროს თქვენ რუსეთი დაშლისაგან იხსენით, მეორე ვადაზე – ის სტაბილური გახადეთ, ახლა კი თქვენ წინაშე არანაკლებ რთული ამოცანა დგას: რუსეთი საოცრად ბედნიერი, აყვავებული უნდა გახდეს და კვლავაც გაბრწყინდეს მსოფლიო ცის კამარაზე, როგორც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი! და თქვენ ამას გააკეთებთ. აი, ამიტომ ეშინიათ თქვენი მტრებს, როგორც არავისი სხვისი, რუსეთში, რადგანაც თქვენი მტრები – რუსეთის მტრები არიან.

რუსეთის ბედნიერება და აყვავება კი ყველა მოძმე ხალხის – მათ შორის, ქართველი ხალხის ბედნიერება და აყვავებაა, იმიტომ, რომ, თუ შენი ძმა და მეზობელი ბედნიერია, –  შენც ბედნიერი ხარ, და – პირიქით. მრავალრიცხოვან პუბლიკაციებს („NATOხტარის სასაკლაო და „Failed president of Georgia“, „მიხეილ სააკაშვილის სომხური ჩიხი“, „ფიქრები პუტინის დაბადების დღეს“, „საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის“) ლაიტმოტივად გასდევს შემდეგი სტრიქონები: „საქართველოს ბოლო ისტორიული შანსია გამოიყენოს ახლო მომავალში პუტინის პრეზიდენტობაერთადერთი ადამიანის, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია. საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით (ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით) გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელშიც პუტინს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, ოცნებობს რუსეთთან ძველი მეგობრობის აღდგენაზე, უვიზო რეჟიმზე, როცა თავისუფლად იქნება შესაძლებელი რუსეთში ნათესავებსა და მეგობრებთან ჩასვლა, ქართველი მეწარმეები ოცნებობენ ხელსაყრელ ბიზნესზერუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე. და ,რაც მთავარია, ქართველ ხალხს ენატრება ერთმორწმუნე რუსი ხალხი, რომელზე ახლობელი არც გვყოლია ვინმე და არც გვეყოლება ოდესმე! ერთიანი რუსულ-ქართული სტრატეგიული, კულტურული, საინფორმაციო, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღორძინების საშუალება აი, ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რის შემდეგაც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობით მოზიდული არა მხოლოდ რუსული, არამედ ევროპული და ამერიკული ინვესტიციებიც მოზღვავდება!. და ეს სტრიქონები პირველად სამი თვით ადრე დაიწერა, ვიდრე თქვენ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, 2011 წლის 3 ოქტომბერს სტატიაში გაზეთ „იზვესტიასათვის“ „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“, ახალი ევრაზიული კავშირის პირველ ეტაპს – რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიან ეკონომიკურ სივრცეს  წარადგენდით. და დღეს ამას უკვე ვეღარაფერს დავუმატებთ.

რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დავუბრუნდეთ: რა აჩვენა ამ არჩევნებმა?

პირველი რომ რუსეთში დემოკრატიაა: მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში შეუფერხებლად იმართებოდა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები, მაგრამ მედიამ ერთხელაც ვერ დააფიქსირა მომიტინგეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ვერცერთი შემთხვევა, პოლიციისაგან ნაცემი ვერცერთი ადამიანი, სპეცრაზმელის ხელჯოხის ვერცერთი დარტყმა, ვერცერთი დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით!

მეორე - რომ თავად არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდა. დათვლის საბოლოო შედეგს რომც არ დაველოდოთ, ნებისმიერი არჩევნებისას გარდაუვალი ცალკეული დარღვევებიც რომ გავითვალისწინოთ, მაინც შეიძლება მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არჩევნების შედეგი ლეგიტიმურია: თქვენმა მოწინააღმდეგეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პრეზიდენტი არ გამხდარიყავით, მათ უზარმაზარი ფინანსური რესურსები აამოქმედეს, მაგრამ 143-მილიონიან რუსეთში, საბოლოო ჯამში, 143 ათასის, ანუ მოსახლეობის მხოლოდ 0,1%-ის მობილიზება შეძლეს. ეს კი ნიშნავს, რომ დანარჩენი 99,9 % – პუტინის მომხრეა!

არა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ყველა, ვინც საპროტესტო მიტინგზე გამოვიდა, მოსყიდული იყო – უდავოა, პრობლემები არსებობს და თქვენ მათ უეჭველად მოაგვარებთ! გვახარებს თქვენი ფიზიკური და სულიერი ძალა, გვახარებს, რომ თქვენმა კაცურმა მეგობრობამ დიმიტრი ანატოლის ძე მედვედევთან, ზოგიერთების მცდელობისა და იმედების მიუხედავად, მტრის ჯინაზე ყველა გამოცდას გაუძლო! დაუნანებლად დაემშვიდობეთ მათ, ვინც გასულ წლებში – არცოდნის, სურვილის არქონის თუ უნიჭობის გამო –არ გააკეთა ის, რაც მათ მაღალი თანამდებობრივი მდგომარეობით მოეთხოვებოდა, და უფრო მეტად მიუგდეთ ყური იმ თანამებრძოლებსა და მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში, თავმდაბლად და თქვენგან დამოუკიდებლად, აკეთებდნენ თავის საქმეს.

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სიხარულით შეუერთდებოდა ჩვენს მოლოცვას, ამისი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, და რომ არა შიში, რომლითაც დღეს საქართველოში მთელი ატმოსფეროა მოწამლული. თქვენ მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები იმედით შემოგყურებენ, ამიტომ – სრული სვლით წინ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რუსეთის სასახელოდ დღეგრძელობას გისურვებთ!

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის კოლექტივი

"საქინფორმის" მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი

საქართველო, თბილისი, 2012 წლის 5 მარტის დილა