თბილისი, 5 მარტი, საქინფორმი. ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მოეწყო ამავე პოლიგონზე ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკას“ დემონსტრირების ერთი კვირის თავზე.
„ახლა შევქმენით საარტილერიო დანადგარი და უახლოეს პერიოდში ამის ჭურვების გამოშვებას დავიწყებთ, ამის რაკეტების იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა იყო თხევადი საწვავი და ეს პრობლემა პრაქტიკულად ქართველი ინჟინრების მიერ ამ ტიპის რაკეტებისთვის უკვე პრაქტიკულად არის გადაწყვეტილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ახალი საბრძოლო ტექნიკის დემონსტრირებას დაესწრო.ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ბაზაზე საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის დაჯავშნული კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
ამ საარტილერიო სისტემის ტექნიკური პარამეტრებია: მიმმართველების რაოდენობა – 40-დან 80 ერთეულამდე; რეაქტიული ჭურვის კალიბრი – 122 მმ; მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე – მინიმალური 0 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური – 60 გრადუსი; ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე – შასიდან მარჯვნივ 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ 120 გრადუსი; სრული ზალპის ხანგრძლივობა – 20 წამი; სროლის სიშორე, რაკეტის ტიპიდან გამომდინარე, – მინიმალური – 1000 მ, მაქსიმალური – 40 000 მ; მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ; სვლის მარაგი – 500 კმ; გათვლა – 5 კაცი.
სააკაშვილის თქმით, „ეს არის უკვე მაღალტექნოლოგიური ქართული წარმოება, რომელიც აღემატება ძველ საბჭოთა ანალოგებს თავისი პარამეტრებით“.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო, ასევე, აწარმოებს საფრენ აპარატებს და განმარტა, რომ ამგვარი წარმოების დაწყებას, რაშიც რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული, იმ რამდენიმე თვემ მისცა სტიმული, როდესაც იარაღის შეძენა პრობლემური გახდა.
„ჯერ ერთი, ყიდვაც ასე ადვილი არ არის ბაზარზე და ბევრად უფრო იაფია [საკუთარი წარმოება], – განაცხადა პრეზიდენტმა. – აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს, ან ვიღაცამ გადამწყვეტ მომენტში უარი არ გითხრას [იარაღის მოყიდვაზე] და არ შეგიჩეროს ამის მოცემა. ეს შენია, შენ აკეთებ, შენს თავზე ხარ დამოკიდებული და ამიტომ ეს ყოველთვის დაცულია, მითუმეტეს, ჩვენისთანა ქვეყნისთვის და ამას ყოველთვის აქვს აზრი“.
უცნობია, სააკაშვილი რაიმე კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობდა თუ არა, როდესაც განაცხადა, რომ შეიძლება „ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას გაუზიაროს“, მაგრამ, ალბათ, ეს განცხადება იმ ვარაუდის გამოძახილია, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც „WikiLeaks“-მა ჰაკერების მიერ მოპოვებული ამერიკული ანალიტიკური კომპანია“ Stratfor“-ის ელექტრონული წერილების გამოქვეყნება დაიწყო.
ერთ-ერთი ასეთი წერილის თანახმად, რომელიც 2009 წლის თებერვლით თარიღდება, წყარომ „Stratfor“-ის უფროს ანალიტიკოსს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა, მას შემდეგ შეექმნა საფრთხე, რაც ისრაელმა და რუსეთმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს, კერძოდ კი, ისრაელმა რუსეთს ამ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა, რაც მათი მართვის სისტემაში შეღწევადობას უზრუნველყოფდა; საპასუხოდ კი რუსეთმა ისრაელს ირანის „Tor-M1“-ის კოდები გადასცა.
სააკაშვილმა ქართულ სამხედრო წარმოებაზე საუბრისას, ასევე, აღნიშნა: „ეს არის საამაყო, რომ ჩვენ ეს შეგვძლებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვერთვებით ძალიან ბევრ საერთაშორისო თანამშრომლობაში. ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების, აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ რაც არ უნდა პერსპექტივები გაჩნდეს, არასოდეს საკუთარზე არ უნდა ვთქვათ უარი, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სხვა თუ არაფერი, ეს გვიჯდება ბევრად უფრო იაფი“.
მან, ასევე, განაცხადა, რომ სამხედრო წარმოებას საექსპორტო პოტენციალიც გაუჩნდება მას შემდეგ, რაც ქართული არმია საკმარისად აღიჭურვება.
„ჩვენ, ასევე, შეგვიძლია, როგორც სხვები აკეთებდნენ ოთხმაგ-ხუთმაგ ფასებში მოგვყიდიდნენ ხოლმე [სამხედრო ტექნიკას], ახლა ჩვენ გავაკეთებთ და უფრო ძვირ ფასებში გავყიდით უცხოეთში“, – განაცხადა სააკაშვილმა.