საზოგადოება
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს შეტყობინება

fosta-somx-6თბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. როგორც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საელჩომ საქინფორმს აცნობა, 27 თებერვალს სომხეთის  საელჩომ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართულმა ეპარქიამ ჩაატარეს თემატური საღამო: „ისტორიის წინაშე: სუმგაითი, ხოჯალი...“ ღონისძიების დაწყების წინ თბილისის ეკლესია სურბ ეჩმიაძინში ჩატარდა სუმგაითში, ბაქოსა და მარაღში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.

ამის შემდეგ კულტურის ცენტრ „აიარტუნში“ ჩატარდა ხსოვნის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. საღამო გახსნა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოვანეს მანუკიანმა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის გამოსვლაში, მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობებში ტოლერანტობის აუცილებლობისაკენ  მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და მშვიდობიანი კავკასია გახდება რეალობა და რეგიონის ხალხების თანაცხოვრების უმნიშვნელოვანესი მიზანი.

საღამოზე უჩვენეს ნაწყვეტები დოკუმენტური ფილმიდან სუმგაითის მოვლენების შესახებ. ამ თემის ისტორიული მიმოხილვა წარმოადგინა სომხური სათვისტომოს აქტიურმა მოღვაწემ ენოქ თათევოსიანმა.

საღამოს მეორე ნაწილი ხოჯალის მოვლენებს მიეძღვნა. ამ თემაზე, თანმხლები კომენტარებითურთ, ისტორიკოსი კარენ ოგანესიანი გამოვიდა. ნაჩვენები იქნა ეპიზოდები დოკუმენტური ფილმიდან ხოჯალის მოვლენების შესახებ.

ღონისძიების დასასრულ სიტყვით გამოვიდა ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ლიტერატურული მთარგმნელი და პუბლიცისტი გივი შაჰნაზარი.

დამსწრეთ ზემოხსენებული ფილმების სრული ვერსიები წარუდგინეს და ბუკლეტები დაურიგეს.

საღამოს დამთავრების შემდეგ სომხეთის ელჩმა ინტერვიუ მისცა ქართველ ჟურნალისტებს.