საზოგადოება
რუსეთში ქართველთა კავშირის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ეროვნებათაშორისი კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნას

soiuz-gruzinთბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. 28 თებერვალს სასტუმრო „უკრაინას“ საკონფერენციო დარბაზში ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელიც დასახლებულ პუნქტ ხოჯალში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანების დაღუპვის 20 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის ელჩი რუსეთში, ირანის საელჩოს წარმომადგენლები, აზერბაიჯანის დიასპორის, რუსი საზოგადოების წარმომადგენლები, აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა. რუსეთში ქართველთა კავშირიდან ხსოვნის საღამოში მონაწილეობდნენ კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ ჯიმშელეიშვილი და მოსკოვის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე ნონა იზორია.

რუსეთში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფოლად ბიულბიულ ოღლიმ ხსოვნის საღამო წუთიერი დუმილით გახსნა. შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა: „ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებს ხსოვნა იმისა, რაც 20 წლის წინ აზერბაიჯანის ქალაქ ხოჯალში მოხდა“. ელჩმა ყველა მოქალაქეს მოუწოდა – ყველაფერი გააკეთონ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს.

ამის შემდეგ გაიმართა ევროპელი კინემატოგრაფისტების ერთობლივი წარმოების დოკუმენტური ფილმის სასიგნალო ვერსიის პრეზენტაცია. ფილმი გადაღებულია საერთაშორისო პროექტ „მშვიდობიანი კავკასიის“ ფარგლებში და მოგვითხრობს უბრალო ადამიანებზე, რომლებიც კონფლიქტის მსხვერპლი შეიქნენ. „ძალზე შთამბეჭდავი ფილმია, – აღნიშნა რქკ-ის პრესსამსახურის წარმომადგენლებთან საუბარში ნუგზარ ჯიმშელეიშვილმა. – მან სულში მწუხარება აღგვიძრა და თვალები ცრემლით აგვივსო“.

ფილმის პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა აზერბაიჯანელ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ომის შვილები“ დაათვალიერეს.