აქტუალური
სალარო აპარატის ჩეკი ლატარიის ბილეთის ფუნქციას იძენს

cheki-stanutთბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. სალარო აპარატის ჩეკი ლატარიის ბილეთის ფუნქციას იძენს და მის მფლობელს სხვადასხვა პრიზის მოგება შეეძლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ცვლილება შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ჩეკის მფლობელი გათამაშების მონაწილე ხდება, რომელსაც სამომავლოდ შემოსავლების სამსახური ჩაატარებს.

ფულადი პრემიის მოცულობა და გათამაშების სისტემატურობა ამ დროისათვის არ კონკრეტდება, რადგანაც, როგორც ხუროშვილი ამბობს, აღნიშნულს სამომავლოდ მთავრობა განსაზღვრავს.

„ჩვენ პირველ ეტაპზე ვადგენთ სამართლებრივ საფუძვლებს იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ლატარეის ორგანიზება შეეძლოს. უკვე გატარებული საგადასახადო რეფორმების შედეგად აბსოლუტურადაა შესაძლებელი და ნებისმიერ მაღაზიაში გამყიდველი კლიენტს ჩეკს აუცილებლად აძლევს. გათამაშების დაწყება კი იქნება წახალისება ამ პროცესის, რათა, ერთი მხრივ, ჩეკი გამოიწეროს და, მეორე მხრივ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩეკით მყიდველი გათამაშებაში მონაწილეობას შეძლებს“, – განაცხადა გია ხუროშვილმა.

აღნიშნული ინიციატივით, შემოსავლების სამსახური გაყიდული საქონლის აღრიცხვის კონტროლს განახორციელებს, რადგანაც კლიენტს უკვე ინტერესიც უჩნდება, გამყიდველისაგან ჩეკი აუცილებლად მიიღოს.