სამართალი
ომბუდსმენი ხაშურის პოლიციას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს

ombudsmmmmთბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. სახალხო დამცველი სამართალდამცველებს მოუწოდებს, სრულად და ობიექტურად გამოიძიონ ხაშურის პოლიციის შენობაში დაკითხვის მიზნით მიყვანილი სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების გარემოებები, რათა დადგინდეს როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ისე – ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას.

28 თებერვალს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მოგვიანებით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოპოზიციური ჯგუფები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ. მათი თქმით, გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება სხეულზე.

თავის განცხადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხაშურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრნენ, რომელთა ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ პოლიციის არცერთ თანამშრომელს, მათ შორის, არც მალხაზ ციყელაშვილს, რომელიც კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ მიუძღოდა, უშუალოდ გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლისა და წონის გამო შესაძლებელია, მან წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა.

„ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, – აცხადებს სახალხო დამცველი. –   ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა, პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები“.

ადრე ნასამართლევი ქიმერიძე მის სოფელ ქვიშხეთში ნიკელის ჩაიდნისა და ალუმინის ქვაბის ქურდობის ფაქტზე დასაკითხავად 27 თებერვალს მიიყვანეს, თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ის დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნში არ გაუტარებიათ, რადგან მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც მისი ოფიციალური დაკავება მომხდარა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, რომლებიც ამ საქმის გამოძიებას აწარმოებენ, ყურადღება გაამახვილონ იმ ფაქტზეც, რომ ქიმერიძე პოლიციაში ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იმყოფებოდა, თუმცა მას, ამავე დროს, ფაქტობრივად, შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება.