თბილისი, 2 მარტი, საქინფორმი. კამპანიის – „ეს შენ გეხება“ – ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტს დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნობენ.
როგორც კამპანიის მონაწილეებმა ჟურნალისტებს აცნობეს, ორგანიზატორები დაინტერესებული პირებისთვის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მრგვალ მაგიდას გამართავენ, სადაც როგორც არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე, ისე მათ მიერ მომზადებულ წინადადებაზე ისაუბრებენ.
საკანონმდებლო ინიციატივა, მათი აზრით, კანონის დემოკრატიულობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები; ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, აგრეთვე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღესვე კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები გაავრცელებენ ორ მიმართვას, რომელთა ადრესატებიც არიან საქართველოს ხელისუფლება და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR).
კამპანიის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი და ამ წინადადებების განხილვის მოთხოვნით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია პარლამენტში 17 თებერვალს შევიდა.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
ამასთან, გუშინ გაიმართა შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომლის შემდეგაც ითქვა, რომ შესაძლოა, კანონის 26-ე პრიმა მუხლში შესწორება შევიდეს და დაკავშირებული პირის ცნება დაზუსტდეს.