საზოგადოება
„WikiLeaks“: „ისრაელი რუსეთს ქართული უპილოტო აპარატების კოდებს გადასცემდა“

wikileaks-1თბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. ისრაელი რუსეთს გადასცემდა იმ არხების კოდებს,  რომელთაც საქართველო იყენებდა უპილოტო საფრენ აპარატებში. რუსეთმა კოდების სანაცვლოდ ისრაელს საიდუმლო ტექნიკური ინფორმაცია მიაწოდა ირანში განლაგებული რუსული ზენიტური დანადგარების კომპლექსი „ტორ-მ1“-ის შესახებ.
ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა „WikiLeaks“-მა იმ 5 მილიონ კონფიდენციალურ წერილს შორის, რომლებიც კომპანია „Stratfor“-ს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „Stratfor“ მსოფლიო ინფორმაციას აგროვებს. მასთან 500-მდე ორგანიზაცია თანამშრომლობს, რომელთა შორისაა აშშ-ის უშიშროების დეპარტამენტი.

„WikiLeaks“-მა გასულ კვირას „Stratfor“-ის საიდუმლო მასალები და წერილები ჩაიგდო ხელთ და გამოაქვეყნა თავის საიტზე.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა საქართველოს მიერ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყების შესახებ, რომლებიც შეცვლიდა ისრაელის საფრენ აპარატებს – „Hermes“-სა და „Skylark“-ს, რომელთაც კომპანია „Elbit Systems“ აწვდიდა საქართველოს 2007 წელს. „საუბარია 35 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკაზე, რომელსაც საქართველო ისრაელში უკანვე დააბრუნებს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ. მან აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი „Elbit“-სა და საქართველოს შორის უთანხმოება გახდა. „Elbit Systems“-მა უჩივლა საქართველოს 2007 წელს დადებული კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო და კომპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.