აქტუალური
„მერების შეთანხმების“ ინიციატივა – თბილისი თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს

fosta-euToთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ინიციატივის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენლები დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სემინარზე შეიკრიბებიან და მდგრადი ენერგოგანვითარების სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.

ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვსი (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი) და  ცენტრალური აზიის ხუთი (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მდგრად ენერგოგანვითარებაზე მიმართულ საქმიანობას და იმუშავებს სამუშაო გეგმების შედგენაზე.

,,მერების შეთანხმების“ ინიციატივა  ევროკომისიამ 2008 წელს წამოაყენა და ის გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობას ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფასა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ხელშეწყობაში. 2010 წლის აპრილში ,,მერების შეთანხმებას“  თბილისის მერმა გიგი უგულავამაც მოაწერა ხელი.

1200-ზე მეტ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისიც ამ შეთანხმების მონაწილეა.