თბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. კახი კალაძე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას აფასებს. კალაძის შეფასებას პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებულ წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ ჩემი აზრი გაგიზიაროთ პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლასთან დაკავშირებით. ვუყურე და, სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდა მისი დაბნეულობა, ძალად ყოყოჩობა, ზღვარგადასული მუქარა, აგრესიული გამონახტომები, თავშეუკავებლობა.ნამდვილად არ ვაპირებ მისი მოხსენების სერიოზულად აღქმას და განხილვას, რადგან ეს იყო სააკაშვილის ჩვეულებრივი გამოსვლა, ადამიანისა, რომელიც ვარდისფერი სათვალით უყურებს ქვეყნის მდგომარეობას, ეს იყო თავის დაიმედების გამოსვლა, მაგრამ ბატონ პრეზიდენტს და მის „მქუხარეტაშისმკვრელ ამალას“ ავიწყდება, რომ ახლა სხვა საქართველოა, სხვა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, სულ სხვა რეალობაა, ვიდრე გასულ წლებში. წავიდა ის დრო, როდესაც სხვის გაკეთებულ კეთილ საქმეებს თავად იწერდა და მაკრატლით ხელში ჭრიდა წითელ ლენტებს.
ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი იყო პრეზიდენტის არაადეკვატური საქციელი, რეპლიკები ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის ნიღაბქვეშ იმალებოდა, როგორ აჩვენა საზოგადოებას თავისი ნამდვილი, დესპოტი მმართველის სახე. პრეზიდენტი სააკაშვილი ღიად და აგრესიულად დაემუქრა პარლამენტარს ანგარიშსწორებით, ის არ მორიდებია არც მილიონობით ტელემაყურებელს, არც პარლამენტარებს, არც ელჩებს, არც წმიდა სინოდის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტი, რომელიც თითქოს ცნობს დასავლეთის ღირებულებებსა და ფასეულობებს, „ტალახში გორაობით“, „დაზელვით“ და კიდევ სხვა ძველბიჭური ტერმინოლოგიით არ უნდა ესაუბრებოდეს პარლამენტარს. ან რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც რამდენიმე წელიწადში საეჭვოდ გამდიდრებულ ჩინოვნიკთა სასახლეების სურათებს აწვდიან და პრეზიდენტი, რომელიც ვალდებულია, თუნდაც, ფორმალურად მაინც გადაამოწმოს, ამ სურათებს ლამის ხევს და ისტერიკაში ვარდება.
ბატონო პრეზიდენტო, საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველას გვახსოვს, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ თქვენი ჩინოვნიკები და როგორ ცხოვრობენ ახლა. სააკაშვილმა გუშინ მის მიერ გატენილ ტყუილთა სკივრში ეს და სხვა მრავალი ტყუილი შეაცურა, თუმცა იმდენად მარტივად, რომ არც ქვეყანაში და არც დასავლეთში ეს აღარ სჯერათ.
პრეზიდენტი ძალიან ცდილობდა, რომ მისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით და ინტონაციით ესაუბრა სამომავლო გეგმებზე, მაგრამ ადამიანი, რომელიც მუდამ გაქცევაზეა თვითმფრინავის ხმის გაგონებასა თუ პარლამენტში სიმართლის მოსმენისას, იმას სერიოზული პოლიტიკური მომავალი ნამდვილად არ აქვს. არ შეიძლება თან პრეზიდენტი იყო და თან – სპრინტერი. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში სააკაშვილის მონაცემებს, ის უკვე პროფესიონალ სპრინტერად ჩამოყალიბდა. აქამდე ვიცოდით, რომ „სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს“, მაგრამ თურმე სიმართლის მომსმენს ცხენი უკვე შეკაზმული ჰყოლია, აკი გაიქცა კიდეც...
ძვირფასო მეგობრებო, ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ ის ფასადი, რომლის მიღმაც დღეს არსებული რეჟიმი იმალება. მართალია „ნაციონალური მოძრაობის ტაშისმკვრელთა რაზმის“ რიგითი წევრი, როდესაც ამბობს – ჩვენ ოცნება არ გვინდაო. ნამდვილად არ უნდათ ოცნება, რადგან სათავისოდ ბავშვობის ყველა ოცნება აისრულეს თავისი წინამძღოლის მეთაურობით. ჩვენ, ქართველ ხალხს კი, ნამდვილად გვაქვს ოცნება ქვეყნის გაერთიანებაზე, ხალხის დასაქმებაზე, ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ერთად დგომით ქართველი ხალხი სულ მალე ნამდვილად აისრულებს ქართულ ოცნებას. დიახ, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც კონსტიტუციით დაშვებული ყველა გზით შეცვლის ამ სამარცხვინო, კარიკატურულ რეჟიმს“.