საზოგადოება
თბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. მოხსენებას დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის დებატები მოჰყვა.
აღნიშნულ მოვლენას პარტია „თავისუფალი საქართველოც“ გამოეხმაურა, რომელიც, როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ საქინფორმს აცნობა, აკვირდებოდა პარლამენტართა გამოსვლებს და იმ თემებს, რომელთა გარშემოც დეპუტატები საუბრობდნენ. „სამწუხაროა, რომ, იმ მნიშვნელოვანი საკითხების პარალელურად, რაზეც ისაუბრეს დეპუტატებმა, არავის გახსენებია გასული წლის უმთავრესი მოვლენა – 2011 წლის 26 მაისის ღამე, როცა სააკაშვილის ხელისუფლების პოლიციურმა რაზმებმა რუსთაველის გამზირზე ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ძალისმიერი მეთოდებით დაარბიეს. აქციის დარბევას მოჰყვა მსხვერპლი. ასობით უდანაშაულო მანიფესტანტს უკანონოდ აღეკვეთა თავისუფლება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში შექმნილი სავალალო ვითარება არის ის საკითხი, რაზეც პირველ რიგში უნდა საუბრობდნენ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნიდან“, – აცხადებს ომანიძე.