კორუმპირებული ექს-პროკურორი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნეს
თბილისი, 1 მარტი,
საქინფორმი. როგორც
საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილმა აცნობა, პარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს „ელიას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაზე კონტროლის კოორდინატორად სკანდალურად გათავისუფლებული პროკურორის დანიშვნას აპროტესტებს.
„2010 წლის შემოდგომაზე დედოფლისწყაროს პროკურორი დავით დუღაშვილი თანამდებობიდან სკანდალურად მოხსნეს. მისი გათავისუფლება სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ნონა მეხრიშვილისა და გია ტალიაშვილის, მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. ისინი პირად საუბარში აღნიშნავდნენ,რომ დავით დუღაშვილმა მათ ქრთამი მოსთხოვა. ეს ჩანაწერი, როგორც თავად ამბობდნენ, ზემდგომ ორგანოში წარადგინეს და ისინი იძულებული გახდნენ, დუღაშვილი სამსახურიდან გაეშვათ. დავით დუღაშვილის წინააღმდეგ კანონით უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, რაც არ მომხდარა. პირიქით, საკრებულოს თავმჯდომარემ იგი სასწრაფოდ დაასაქმა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სამაშველო განყოფილების უფროსად. ცოლ-ქმარი კი თაღლითობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს. ახლა კი, დედოფლისწყაროს გამგებლის 2011 წლის №459 ბრძანებით, მუნიციპალიტეტსა შპს „ელიას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაზე და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით კოორდინატორად დაინიშნა სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დუღაშვილი“, – აცხადებს გურაშვილი.