პოლიტიკა
აბაშიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

abaSiZeeeთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე დადებითად და დროულ გადაწყვეტილებად აფასებს.

აბაშიძის განცხადებით, ეს არის საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სწორი ინიციატივა, რასაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მიესალმება.

„ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან არანაირი პრობლემა და არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკაზე და, ზოგადად, საქართველოზე დადებითად აისახება“, – ამბობს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის რეაქციას მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე, პოლიტოლოგის თქმით, პასუხის გაცემა რთულია.

„წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილის ამ ინიციატივაზე. თუმცა რუსი ხალხის რეაქცია რომ დადებითი იქნება, ეს წინასწარვე ცნობილია“.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დროულია: „ეს ინიციატივა გამოიწვევს რუსი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოთი. მომრავლდებიან ქვეყანაში ჩამოსვლის მსურველები, რაც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზეც და საქართველოს ეკონომიკაზეც“.