პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: „საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა მიამიტურია“

xuxashviliთბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, მიამიტურს უწოდებს.

როგორც გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „გამომდინარე იქიდან, თუ რა ურთიერთობაა ქვეყნებს შორის, როგორ შეიძლება სავიზო რეჟიმი ეკონომიკური აქტივობის საფუძველი გახდეს. ჩემი აზრით, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული ნაბიჯი და მეტი არაფერი! სამწუხაროდ, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური შედეგი ამას არ მოჰყვება. თუმცა ასეთი ინიციატივა კითხვებს აჩენს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირის ორიენტირზე და ეს ინიციატივა გამოდის, თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ არ ვაუქმებთ ცალმხრივად ევროკავშირთან სავიზო რეჟიმს? რა, ლამაზი თვალების გულისთვის გამოვდივართ ასეთი ინიციატივით რუსეთთან მიმართებაში? თუ  ვლაპარაკობთ საინვესტიციო აქტივობის გაზრდაზე, მაშინ, პირველ რიგში, ევროპელებთან მოვსინჯოთ, რაღა რუსებს ვეფერებით. ეს რატომ არ კეთდება? ძალიან მარტივი კითხვაა და ამ კითხვაზე აქვს ხელისუფლებას პასუხი? თუ გვინდა რამის ცალმხრივად გაუქმება, პირველ რიგში, ევროკავშირთან უნდა გავაუქმოთ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ფონზე, რუსეთთან ეს ინიციტივები ძალიან უცნაურად ჟღერს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს თუ უნდა საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია, ამას ყოველგვარი სავიზო რეჟიმის გარეშეც კარგად ახერხებს, „იმიტომ, რომ ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი ძალიან დიდი ალბათობით ისედაც რუსეთის ხელშია. როდესაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი ისევ კრემლია, ანუ რუსული სახელმწიფო კომპანიები“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.