თბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თაობაზე დასავლური და რუსული მედია ეხმაურება.
„როიტერი“ იტყობინება, რომ საქართველო გააუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ის ინვესტიციის მოცულობის გაზრდას ცდილობს: „ეს კეთილი ნების იშვიათი გამოხატულება იყო ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, რომლებიც 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ“.
კრემლი უარს აცხადებს სააკაშვილთან რაიმე ტიპის კონტაქტზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი საქართველოს არმიის შეტევას რუსეთის მხარდაჭერილ აჯანყებულ სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის აგვისტოში.მაგრამ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა, განაცხადა, რომ თბილისს სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც რუსი ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის იმის სიგნალი იქნება, რომ საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს მათ.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება – არ დაებლოკა რუსეთის გაწევრება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცხადყოფს თბილისის სურვილს – გააუმჯობესოს კავშირები მის ყოფილ იმპერიულ მმართველთან.
თუმცა ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ გამარჯვებას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში საეჭვოა, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოჰყვეს.
საქართველოს 15 მილიარდიანი ($) ეკონომიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა არიან. რუსეთის 2.1 ($) ტრილიონიანი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია“, – წერს „როიტერი“.
„ასოშეიტედ პრესი“ კი იტყობინება, რომ სააკაშვილის ინიციატივას მოსკოვიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია, თუმცა გასულ წელს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სავიზო რეჟიმის გაუქმების სურვილი არ აქვს.