სამართალი
ცაგარეიშვილი მოქალაქე ქიმერიძის გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებს

cagara-samartaliთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, გუშინ, 2012 წლის 28 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართა.

დებატებისას ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში, პატიმრების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, მკვლელობაში დაადანაშაულა და ერთ-ერთ მსგავს ფაქტად მოქალაქე სოსო ქიმერიძის გარდაცვალება დაასახელა. „ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა: „ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გუშინვე აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე წლის 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წ.დ. სოლომონ გივის ძე ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილ იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში.

მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.