პოლიტიკა
„მმართველ გუნდს აქვს რესურსი, საქართველო მრავალი წელი მართოს“

mmartvel-partiasთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა პარლამენტში.

მისი გამოსვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები გაიმართა, რომელშიც როგორც ოპოზიციონერი, ისე მმართველი პარტიის დეპუტატები მონაწილეობდნენ.

ეს სააკაშვილის ბოლო გამოსვლა იყო ამ მოწვევის პარლამენტში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და ბოლოსწინა – 2013 წლის ბოლოს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

ყველას აინტერესებდა: რას აპირებს სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდეგ?

ამაზე გაისმა პასუხი: მმართველ გუნდს აქვს რესურსი, საქართველო მრავალი წელი მართოს. „მე ნამდვილად არ ვიტყვი ამაზე, ამ პერსპექტივაზე უარს, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ოპონენტებს მიმართა, – თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში“.

მან ეს პასუხი საპარლამენტო უმცირესობისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერ გიორგი თარგამაძეს გასცა, რომელმაც დებატების ფარგლებში პირდაპირ ჰკითხა სააკაშვილს – აპირებდა თუ არა ის ხელისუფლებაში დარჩენას.

„მესმის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წელიწად-ნახევრით ადრე ამის გაკეთება ძალიან რთულია და თქვენ გაფიქრებთ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის  სიმტკიცე და მონოლითურობა, მაგრამ მე ახლა მოგმართავთ არა როგორც ქვეყნის ერთ-ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი საქართველოს ლიდერს – საქართველოს, და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდება ნათელი პასუხი კითხვაზე – რას აპირებს სააკაშვილი?, – განაცხადა თარგამაძემ, – ბოლომდე უერთგულოს მთელ მსოფლიოში მის მიერვე კულტივირებულ იდეას აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა  სივრცეში საქართველოს და მისი ლიდერის განსაკუთრებული დემოკრატიული მისიის შესახებ, თუ გაჰყვეს უკვე  დატკეპნილ გზას ძალაუფლების შენარჩუნების?“

„მთავარი პრობლემა, რაც გაქვთ თქვენ, ხანდახან არის ის, რომ თქვენ კატასტროფულად არ გჯერათ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. ამიტომ გგონიათ, რომ თქვენი პრობლემა არის არა, ვთქვათ, პოლიტიკური რეალობა, არა ის, რომ საკმარისად ვერ დაუმტკიცეთ ხალხს, რომ გაქვთ უნარი, გადაიბაროთ ხელისუფლება, – უპასუხა პრეზიდენტმა თარგამაძეს, – თავისთავად ხელისუფლების პერიოდული ცვლა სხვადასხვა ციკლებით არის ჩვეულებრივი პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის და ჩვენს ქვეყანაში ამას ინსტიტუციური საფუძველი აქვს“.

„მაგრამ იმისათვის, რომ ინსტიტუციური საფუძველი რეალურ პოლიტიკურ შედეგში გადაიზარდოს, საჭიროა ალტერნატივა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ მართლაც ვართ მზად, რომ მთლიანად ავიღოთ მართვა და, მინიმუმ, გავაგრძელოთ მაინც ის, რასაც ესენი [ხელისუფლება] აკეთებენ“, – განაცხადა მან.

„ამის ნაცვლად თქვენ რითი ხართ დაკავებული? ამის ნაცვლად ხართ დაკავებული, აი ხილარი [ჰილარი] კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით, რომ აი ხილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს. გეგონება, გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, წაიყვანს და სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში გადამალავს, ალბათ, კონსპირაციულ ბინაზე; მერე იმედი გქონდათ, რომ ახლა რომ ჩავედით [აშშ-ში], რომ ახლა აუცილებლად დაგვტუქსავდნენ და გვეტყოდნენ, რომ ახლა დროზე აუცილებლად აიკიდეთ გუდა-ნაბადი, აბა, გამოიქეცით, წამოდით აქ; მერე კიდევ, მინდა, გითხრათ, რომ კიდევ რამდენიმე თვეში ჩამოდის ჰილარი კლინტონი, ალბათ, ამაზეც იტყვით; საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, უნდა წავეყვანე, მაგრამ, ეტყობა, თვითმფრინავში ადგილი არ აღმოაჩნდა, თუ კიდევ ჩამოვა და იქნება უფრო დიდი თვითმფრინავით ჩამოვიდეს და ბარემ ერთბაშად იქნებ დანარჩენი პარტიის წევრების უმეტესობაც გავაყოლოთ თან“...

„ეს არის, მე ვფიქრობ, არასერიოზული თამაში, – განაგრძო მან, – არასერიოზული თამაში იმიტომ, რომ მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ ღვთის ნებაზე, რაღაც ზემოთ კოსმოსურ ძალებზე და ასე შემდეგ, მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ – ეს არის ქართველი ხალხი“.

„თუ მაგრები ხართ, იმაზე ნუკი ხართ დამყარებული, რომ მოვა გუდიანი კაცი ან ქალი რომელიმე უცხო ქვეყნიდან, მომიკიდებს ზურგზე ან მოიკიდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მოიკიდებს ამ მთავრობას და სადღაც წაიყვანს. ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპის საწინააღმდეგო. და თქვენ იმედს ნუ ეძებთ რომელიღაც გაზეთში ვიღაცა ჟურნალისტმა რაღაც დაწერა – ის პერიოდი, როცა „პრავდის“ სტატიებიდან ვიგებდით, რა უნდა ყოფილიყო გრძელვადიანი მომავალი ან ნებისმიერი სხვა, ეს საქართველოში დიდი ხანია, უკვე წარსულს ჩაბარდა, – განაცხადა სააკაშვილმა. – ჩვენ ვართ უკვე ქვეყანა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გაჭირვებაა, ამდენი უბედურებაა, გავუძელით იმხელა დარტყმებს, იმხელა გამოწვევებს, ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ვართ უკვე მისაბაძი. ამიტომ ძალიან მარტივი რეცეპტი არის ჩანაცვლების საქართველოს ხელისუფლების: დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მაგარი პროგრამა,  დაამტკიცეთ, რომ ხართ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიიღეთ ხალხის მხარდაჭერა და თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში. ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებისკენ“.

„ნუ ხართ ბიძების და დეიდების იმედზე, რომლებიც ამ პრობლემას გადაგიწყვეტენ უცხოეთიდან. არ გადაგიწყვეტენ! ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტაში არ დაგეხმარებით, მინდა, პირდაპირ ვთქვა. შემიძლია გზა გასწავლოთ, მაგრამ მე რომ არ გასწავლოთ, ეს წიგნებში ისედაც წერია. ასე რომ, შეგიძლიათ წაიკითხოთ. და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„უფრო მეტსაც გეტყვით, მე მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, დემოკრატიის ფარგლებში... აქვს რესურსი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვის და მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი, ამ პერსპექტივაზე, უარს“.

„იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მოდერნიზაციის გეგმა, ჩვენ მართლაც  მივდივართ სწრაფი ტემპებით წინ და ჩვენ მართლაც გვაქვს წარმოუდგენელი ჩამორჩენა გადასალახავი, მართლაც უნდა მოვახდინო ნახტომი... მესამე მსოფლიოს აფრიკული ქვეყნებიდან.... მოვახდინოთ ნახტომი პირველი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების რიგში – საქართველო არის ამ ნახტომის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა სააკაშვილმა.