საზოგადოება
სოზარ სუბარი: „ბევრი რამე არ იცის საქართველოს პრეზიდენტმა“

subarii-123თბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, მიმდინარე წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის აკადემიაში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხზე იერუსალიმის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამაც დაადასტურეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ჯგუფის წევრების ვინაობა რიგი მიზეზების გამო არ გაახმაურა.

გუშინ, 2012 წლის 28 თებერვალს, ებრაულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის მთავრობა აღნიშნული მოლაპარაკებების არსებობას არ ადასტურებს. როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია ამის შესახებ არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აპარატს და არც საგარეო უწყებას ჰქონდა.

აღნიშნულ საკითხს რადიო „მაესტროს“ ეთერში საუბრისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ „ქართული პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე სოზარ სუბარი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი არა ისრაელის ხელისუფლებას, არამედ იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნის და მოლაპარაკებები სწორედ მასთან უნდა გაიმართოს.

„ბევრი რამე არ იცის საქართველოს პრეზიდენტმა და ამ დეტალის არცოდნის გამო არ მგონია, მის მიმართ „განსაკუთრებული გრძნობები“ გაგვიჩნდეს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო სპონტანური განცხადება მისი მხრიდან“, – განაცხადა სუბარმა.