პოლიტიკა
სააკაშვილი: „არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გასამარჯვებლად ყველაფერს გავაკეთებ“

nacional-saaka-parlamentshiთბილისი, 29 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგომისას განაცხადა, „როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში გაიმარჯვოს“.

„ნამდვილად არ ვაპირებ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა თავიდან მოვიშორო იმის გამო, რომ ეს ოპოზიციას ესიამოვნება. არა მხოლოდ ხელს არ ავიღებ იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იბრძოლოს ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის, არამედ, როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, ობიექტური“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა ოპოზიციურ სპექტრსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა, არჩევნები მოიგონ.

„თუ გინდათ რამე, იბრძოლეთ, იმუშავეთ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ, დაუმტკიცეთ ხალხს, რა გინდათ და გაიმარჯვეთ არჩევნებში. დაგვამარცხეთ ამ მეთოდებით თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში. მე არ მივიღებ იმ იდეას, რომ, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ეს აპრიორი არათანაბარ პირობებს ქმნის. იყავით უფრო მაგრები. შესთავაზეთ მეტი იდეები. იყავით უფრო გამბედავები და მერე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამას დააფასებს. გაქვთ ბურთი და მოედანი. ხელი გაანძრიეთ, იმოძრავეთ და აუცილებლად ბედი გაგიღიმებთ, თუმცა შეიძლება ეს არ მოხდეს 2012 წელს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.