თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. აღნიშნული ინფორმაცია საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად წაქაძემ მოაწოდა. მისი განმარტებით, პარტიის ოფისს მიმართა ქუთაისში მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელმაც შემდეგი ინფორმაცია გადასცა:
„2011 წლის 16 იანვარს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, გარდაიცვალა 31 წლის ორსული ქალბატონი ხათუნა ბერაძე. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. გარდაცვალების მიზეზი გახდა ე.წ. ღორის გრიპის დაავადება“.
წაქაძის განმარტებით, ხათუნა ბერაძის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მისმა ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ მათ ეკისრებოდათ მკურნალობის ხარჯების – 8068 ლარის, გადახდის ვალდებულება, რის საფუძველზეც მათ კუთვნილებაში არსებული ქონება დაყადაღდა.„გარდაცვლილის მეუღლე არის უმუშევარი. მას უწევს ორი მცირეწლოვან შვილსა და შრომისუუნარო მშობლებზე ზრუნვა. ამდენად, მას არ გააჩნია არანაირი სახსარი, რომ დაფაროს აღნიშნული დავალიანება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ დაეკისრა. მრავალი მიმართვის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებენ დახმარებაზე“, – ამბობს წაქაძე.
მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, დაევალოს შესაბამის სტრუქტურებს აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.