თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით „სამოქალაქო ერთობის“ ხელმძღვანელი იური ვაზაგაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრეზიდენტს
(ქართულ მედიას, საქართველოში მოქმედ საელჩოებსა და აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს)
ფაქტია, თქვენგან დღემდე იმდენად იგნორირებულია ასიათასობით ამომრჩევლის მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით განპირობებული ეს მოთხოვნა, რომ ისინი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალეთ.
ამიტომაც მიგვაჩნია, თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, სამწუხაროდ, იმდენად ასცდით რეალობას, რომ აღარ გესმით საკუთარი ხალხის. თქვენ, ისევე როგორც კომუნისტებმა „წითელი ტერორის“ ეპოქაში, ორად დაყავით საზოგადოება – თქვენიანებად და ხალხის მტრებად. ოკუპაციის მუზეუმის ხსნით და იმავდროულად თქვენი აზროვნება ვერ გასცდა პარაზიტოლოგიის ინტიტუტის კომკავშირის მდივნის მენტალობას.
„სამოქალაქო ერთობა“ სამასი ათასი საქართველოს მოქალაქის სახელით მოვითხოვთ: შეწყვიტეთ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლების ნების ცინიკური იგნორირება, ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოსა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა.
ამასთან, კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნეს, თქვენ მიერ იმავე ტრიბუნიდან, რომელთანაც ახლა დგახართ, საჯაროდ გაცხადებული, „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამო, როგორც ქუჩაში უსამართლოდ დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების საქმეები, ისე სიცოცხლის უფლების ხელყოფის ყველა ის სხვა კონკრეტული ფაქტი, როდესაც ადამიანები მხოლოდ იმიტომ გახდნენ თქვენივე პოლიტიკური პოლიციის მხრიდან სისასტიკით გამორჩეული ანგარიშსწორების ობიექტები, რომ აბსოლუტურად კანონიერად მშვიდობიანი, საყოველთაოდ აღიარებული ფორმებით თქვენი მმართველობის წინააღმდეგ სამართლიან პროტესტს გამოხატავდნენ.
ბატონო პრეზიდენტო, ასევე, თქვენ მიერ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ხალხთა დაშორიშორების საშინაო და საგარეო პოლიტიკა ეფუძნება შიდა ტერორსა და საგარეო კაპიტულაციას. ამიტომაც თქვენი პიროვნება, თქვენივე მმართველობის სასტიკი და უსამართლო სტილი, აბსოლუტურად შეუთავსებელი გახდა არა მარტო თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებთან, არამედ იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენი და ქართველი ხალხის შემდგომ მშვიდობიან თანაცხოვრებას.
მოგიწოდებთ, კარგად გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ თქვენ დღეს ბოლოჯერ იმყოფებით საქართველოს პარლამენტში როგორც პრეზიდენტი. მომავალში თქვენ აღარ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, წარდგეთ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე პრეზიდეტის ან სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის რანგით. ამიტომაც ჯერ კიდევ გაქვთ გონივრული მანევრის შესაძლებლობა, დღესვე, ამ პარლამენტის დარბაზშივე, მიიღოთ კანონმდებლობით თქვენს კომპეტენციას მიკუთვნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბატონი ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდების საქმეების რეალურად გამოძიების შესახებ და ამით ხელი შეუწყოთ, ერთი მხრივ, სამართლიანობის აღდგენას და, მეორე მხრივ, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას; საქართველოს ხალხს მისცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება ან გააგრძელოთ იმ გზით სვლა, რომელიც თქვენი და თქვენი უახლოესი გარემოცვის დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირების გარდაუვალ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს!
„სამოქალაქო ერთობის“ თავმჯდომარე