აქტუალური
სააკაშვილის „ღარიბი“ მთავრობა

garibebi-mishaთბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ახალი საავადმყოფო გახსნა. ღონისძიების შემდეგ მან ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება საკუთარი მთავრობის არაკორუმპირებულობაზე გაამახვილა.

„თანასწორობის იდეა იმას არ გულისხმობს, რომ ყველა ერთნაირად იცხოვრებს – ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც მეტი შემოსავალი ექნება და იქნება ისეთიც, ვინც ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმით იქნება განპირობებული, ვინ მეტს იშრომებს და ვინ – ნაკლებს. ამას არავითარი კავშირი აქ ექნება იმასთან, ვის შემორჩა ძველი დროიდან ნაძარცვი ქონება, ან ვინ მეტი მიწა მიითვისა თავის დროს. ზოგიერთები ტელევიზიით აცხადებენ, რომ თურმე იმ ხალხს, ვისაც ბევრი ფული არ აქვს, პოლიტიკაში არაფერი არ ესაქმება. თურმე ასეთი ადამიანები არ უნდა აირჩიონ, მათ არც თანამდებობა  ეკუთვნით და არჩევნებზე თუ არ მივლენ – კიდევ უკეთესი. სხვათა შორის, ჩვენი მთავრობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდანაა წამოსული. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც შეძლებული ოჯახებიდან არიან, მაგრამ ასეთი სრული უმცირესობაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყვარელში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახლის წინ ოპოზიციის აქციის გამართვის გეგმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მინისტრის სახლს ვერ მიაგნეს, რადგან ველაზე დიდ და მდიდრულ სახლს ეძებდნენ – სხვაგვარად ვერც წარმოედგინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უბრალო სახლი ჰქონდა“.  

„აი, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ ფსიქოლოგიას შორის; ამიტომ არ შეიძლება მათი უკან მოშვება; მათ ის იდეაც აღიზიანებს, რომ შეიძლება იყო მთავრობაში და ფული არ გააკეთო... რა თქმა უნდა, ჩვენ არც ნავთობისგან შემოსული დოლარები გვაქვს და არც „გაზპრომის“ შემოსავალი, მაგრამ ჩვენ  გვაქვს შემოსავალი, რომელიც არაკორუმპირებული, ეფექტიანი მთავრობის მუშაობის შედეგად არის ბიუჯეტში შემოსული და ეს შემოსავალი  სამართლიანად უნდა გადაუნაწილდეს ჩვენს ხალხს“, – დასძინა პრეზიდენტმა.