თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. თავისუფალი აზრის სახლში დღეს ანალიტიკური პროექტის – „რეალური რისკები რეალურ საქართველოში“ – IV ნაწილის – „აგრარული რისკების“, პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე მიწვეული არიან მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის, აგრარული უნივერსიტეტისა და დარგობრივი კვლევითი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
შეხვედრას თავისუფალი აზრის სახლის საბჭოს თავმჯდომარე გივი თალაკვაძე გახსნის. ძირითადი მომხსენებელი იქნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კორახაშვილი.
როგორც თავისუფალი აზრის სახლიდან იტყობინებიან, ნაშრომი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულების ანალიზს მოიცავს. კერძოდ, პროექტი ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება, მისია, მენეჯმენტი, არსებული მდგომარეობა, აგროწარმოება, რესურსები, სექტორის მიზნები და პრიორიტეტები, წარმატებების კრიტერიუმები, პროგნოზები და გადამწყვეტი გზები, რისკების ანალიზი და შეფასება.ანალიტიკური პროექტი „რეალური რისკები რეალურ საქართველოში“ 8 ნაწილისგან შედგება. პირველი 3 ნაწილის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. წარმოდგენილი ნაშრომები საქართველოს მდგრადი განვითარების, სტიქიური მოვლენებისა და დემოგრაფიულ რისკებს ეხებოდა.
მომდევნო ნაშრომები განათლების, ეკოლოგიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სამედიცინო მომსახურებისა და საქართველოს წინაშე არსებული გეოპოლიტიკურ რისკებს დაეთმობა.