თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, მისი დონორი კერძო პირი და ამ შემომწირველის დამსაქმებელი კომპანია, თითოეული 200 000 ლარით დაჯარიმდა იმ შემოწირულობის გამო, რომელიც, კონტროლის პალატის შეფასებით, უკანონო იყო, რადგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ რეგულაციების მიერ დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლას ისახავდა მიზნად.
20 თებერვალს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ქართუ მშენებელის“ თანამშრომელმა თავისი დამსაქმებლისგან 40 000 ლარის ოდენობით უჩვეულოდ მაღალი პრემია მიიღო, რომლის ნახევარიც მან მალევე „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა შემოწირულობის სახით.
„ქართული ოცნება“ ფორმალურად არ არის პოლიტიკური პარტია, თუმცა მონიტორინგის სფეროში მოექცა, როგორც კონტროლის პალატა ამბობს, გაცხადებული პოლიტიკური მიზნების გამო.კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლის მიერ „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხული შემოწირულობა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის მაგალითია. ახალი რეგულაციები კრძალავს იურიდიული პირების მიერ პარტიებისა და იმ პირების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში არიან პოლიტიკურ პარტიებთან. ამ რეგულაციებით, მაქსიმუმ, 60 ათასი ლარის შემოწირულობის გაღების უფლება აქვთ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.
20 თებერვალს კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებას“ იმ 20 000 ლარის დაბრუნება მოსთხოვა, რომელიც უკანონო სქემით იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების გამოყენების შესახებ გააფრთხილა, რომელთა შორის იყო 20 000 ლარის კონფისკაცია და საეჭვო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმება.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც იანვრის ბოლოს, კონტროლის პალატის თქმით, თვალთმაქცური გარიგების გზით მიღებული 1.1 მილიონი ლარის დაბრუნება მოუხდა, ამჯერად განაცხადა, რომ ის არ აპირებდა, კონტროლის პალატის უკანონო მოწოდება შეესრულებინა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ეს შემოწირულობა კანონის შესაბამისად იქნა მიღებული და კონტროლის პალატა კერძო კომპანიისა და მისი თანამშრომლის საქმეში უკანონოდ ჩარევაში დაადანაშაულა.
27 თებერვალს კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ მან უკანონო შემოწირულობაში მონაწილე სამივე სუბიექტის დაჯარიმება გადაწყვიტა – „ქართუ მშენებელის“, მისი თანამშრომლის და „ქართული ოცნების“ – თითოეულის 200 000 ლარის ოდენობით. ეს თანხა სადავო შემოწირულობის ათმაგი ოდენობაა. ამასთან, თავად 20 000 ლარის შემოწირულობა სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
კონტროლის პალატისავე განცხადებით, საქმის შესწავლის შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ „ქართუ მშენებელის“ თანამშრომელს, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი გადაურიცხა, თვეში 1 000 ლარი აქვს ხელფასი და მანამდე, რამდენიმეწლიანი მუშაობის განმავლობაში ფულადი პრემია დამსაქმებლისგან არასდროს მიუღია. „40 000 ლარის ოდენობის პრემია მისთვის პირველი და სრულიად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.
„ჩვენი ინფორმაციით, ამგვარი კანონსაწინააღმდეგო და მსგავსი სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტის პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება, – განაცხადა კონტროლის პალატამ 27 თებერვალს. – ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნენ მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“.