პოლიტიკა
ქეთა თოფურია: „ვიმღერე და კიდევ ვიმღერებ!“

1qeTa-tofuriaთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე სხვა მომღერლებთან ერთად ქართველმა შემსრულებელმა ქეთა თოფურიამაც იმღერა. როგორც თოფურიამ კონცერტის შემდეგ „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნა, „ის რუსეთში ცხოვრობს და მას აცმევს და აჭმევს რუსეთი“.

გარდა იმისა, რომ მომღერლის ამ ნაბიჯს და განცხადებას სახელისუფლო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თოფურიას სიმღერა შეუმჩნეველი არც საქართველოს პრეზიდენტს დარჩენია. აღნიშნულ ფაქტს ის 25 თებერვალს გორის სამხედრო აკადემიაში სტუმრობის დროს სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა.
„ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ, ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მისეული ხედვა შეიძლება მიიღოთ, გთხოვთ, ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ და აქეთ-იქით კუდს ნუ აქიცინებთ. შეგიძლიათ, ღიად წახვიდეთ და უმღეროთ პუტინს, როგორც ეს ერთმა ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა გააკეთა ამ ორი დღის წინ მის მხარდასაჭერად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს კი საინფორმაციო სააგენტო „Geonews“-მა ქეთა თოფურიას კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. კერძოდ, სააგენტო მომღერალს ტელეფონით დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

„რა გამიწყალეთ გული, ვიმღერე და ვიმღერე, სხვა რა ვქენი ისეთი, საქართველოში ამხელა ამბავი რომ ატყდა. მე „ა-სტუდიოს“ სოლისტი ვარ და ჯგუფის პროდიუსერი რომელ ღონისძიებას და გასტროლს დაგეგმავს, მე ეს არ მეხება და ამას მე არავინ მეკითხება. ვისაც აინტერესებს, რატომ ვიმღერე, გადაეცით, რომ, თუ საჭირო იქნება, კიდევ ვიმღერებ, მე მომღერალი ვარ და არა პოლიტიკოსი. დიახ, მე მაჭმევს და მასმევს მოსკოვი. იქ ვმუშაობ და იქ ვიღებ ფულს. რა არის ამაში გასაკვირი. სხვა ქართველი მომღერლები რომ მღერიან მოსკოვში, სხვაზე არ აქვთ რეაქცია და ქეთა თოფურიაზე ატეხეს ამბავი. ახლა გასტროლებზე მივდივარ და არ მცალია, სხვა რა უნდა გითხრათ ისე, უკვე გითხარით“.