სამართალი
მალაიზიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით სიტუაცია უცვლელია

12malaiziaთბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, საქართველოს მოქალაქეები დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ისაუბრა, რომლის განმარტებით, შედეგის თვალსაზრისით, მალაიზიაში დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით სიახლე არ არის.

მისივე თქმით, ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნით ერთ-ერთ დაკავებულ ქალბატონთან სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ტექნიკური საკითხების დაზუსტებას და დაკავებულის მხრიდან ქართული მხარის ინფორმირებას ემსახურებოდა.

„კომუნიკაციის მხრივ ისევ პრობლემებია. მათ აქვთ საშუალება, ესაუბრონ ადვოკატს, თუმცა პროცესი სრულყოფილად ვერ ტარდება. მალაიზიური მხარე, ბუნებრივია, ქართული ენის გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა, სასამართლოზე დაშვებული სახელმწიფო ენა კი მსჯავრდებულებისთვის გაუგებარია“, – აღნიშნა კალანდაძემ.